ალექსანდრე რაქვიაშვილი - გახარია-ხაზარაძის შემთხვევა ამომრჩევლისთვის კარგი მაგალითია, რომ უიდეო პარტიებს არანაირი მომავალი არ აქვთ
გასაგებია, რომ გახარიას ფული სჭირდება, „ლელო“ ხალხის შეგროვებით არის დაკავებული. როცა პოლიტიკოსებს, ეგოს გარდა, სხვა მიზანი არ აქვთ, ეს ყველაფერი ამით მთავრდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ამომრჩევლისთვის კარგი მაგალითია, რომ უიდეო პარტიებს არანაირი მომავალი არ აქვთ.
„მათი ლოგიკით, თუ ეს შეთანხმება ბიძინა ივანიშვილს ამარცხებდა, რა იყო ის, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ ივანიშვილი აღარ დაამარცხონ და აღარ გაერთიანდნენ? ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, ტრაგიკული რომ არ ყოფილიყო, მაგრამ, მგონი, ამ პარტიას არც განსაკუთრებული მომავალი ჰქონდა. ჩვენ ეს ვიწროპარტიულად გვაწყობს, მაგრამ არ მგონია, ოპოზიციაზე ეს კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდეს. ჩემი აზრით, არაფერ შუაშია რაიმე ლოგიკური არგუმენტი. რაც ვიცი, ეს არის ინდივიდუალური, პერსონალური ეგოების და რაღაც მსოფლმხედველობის წარმოდგენები. რაიმე კონკრეტული პრობლემა რომ ყოფილიყო, ყოველთვის შეიძლება, კომპრომისი იპოვო. როგორც ჩანს, კომპრომისზე საუბარი არ იყო, პრობლემა იყო – მე ვარ მთავარი და ამის იქით რამდენიმე ადამიანი ვერ წავიდა. ამომრჩევლისთვის კარგი მაგალითია, რომ უიდეო პარტიებს არანაირი მომავალი არ აქვთ. საბოლოი ჯამში, ეს გახარია-ხაზარაძის ამბავია და არა – ცუცქირიძის და ვიღაცის. არ მჯერა, რომ ამ შეთანხმების დარღვევა ანა დოლიძეს შეეძლო. ეს არასერიოზულად გამოიყურება, ამის არავის სჯერა. პირველად წელიწად-ნახევრის წინ გავიგე, რომ ხაზარაძე და გახარია ხვდებოდნენ და ერთიანდებოდნენ. რამდენჯერმე საჯარო დისკუსიაც იყო. გასაგებია, რომ გახარიას ფული სჭირდება, „ლელო“ ხალხის შეგროვებით არის დაკავებული. მათი გაერთიანება სწორი იქნებოდა და პრეზიდენტს ინიციატივაში მხარს ვუჭერ. როცა პოლიტიკოსებს, ეგოს გარდა, სხვა მიზანი არ აქვთ, ეს ყველაფერი ამით მთავრდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.