ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა უფრო არის, სხვა პარტიები გაანადგუროს ან შეიწოვოს და შესაძლო დამარცხების მიუხედავად, დარჩეს როგორც უალტერნატივო ოპოზიციური ძალა
ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის დაყენება შეცდომაა და ძალიან კარგია, რომ მელიას ირგვლივ ფართო გაერთიანება არ მოხდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისში კახა კალაძის დასამარცხებლად საჭიროა მეორე ტურის გამართვა და ამისთვის მნიშვნელოვანია სწორედ კანდიდატთა მრავალფეროვნება.
ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობას“ სურს, დარჩეს უალტერნატივო ოპოზიციური ძალად, რაც ყველაზე ცუდი შედეგი შეიძლება, იყოს.
„ჩემი აზრით, ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის დაყენება შეცდომაა და ძალიან კარგია, რომ მელიას ირგვლივ ფართო გაერთიანება არ მოხდა, რადგან ერთადერთი შანსი, რომ დავამარცხოთ კახი კალაძე თბილისში არის, ყველაფერი მეორე ტურში გადავიყვანოთ. და თუ „ქართული ოცნება“ პირველ ტურში ცუდ შედეგს დადებს, მაშინ მეორე ტურში შანსი გაჩნდება, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება.
ამ მომენტისტვის, მე რასაც ვაკვირდები, „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა უფრო იმაში მდგომარეობს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ან გაანადგუროს, ან შეიწოვოს და მიუხედავად შესაძლო დამარცხებისა, დარჩეს როგორც უალტერნატივო ოპოზიციური ძალა, რაც ჩემი აზრით ყველაზე ცუდი შედეგი შეიძლება იყოს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებისთვის „გირჩის“ გეგმებს, ალექსანდრე რაქვიაშვილის განმარტებით, დაელოდებიან სხვა ოპოზიციური პარტიები როგორ იმოქმედებენ.
„თუ დავინახავთ, რომ კანდიდატების მრავალფეროვნებაა, მშვენიერი და იმედია, ამომრჩეველს ექნება საკმარისი არჩევანი. თუ საოცრება მოხდა, ნიკა მელიას და კახი კალაძის გარდა არავინ დადგა, მაშინ დავფიქრდებით, ხომ არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატი.
სინამდვილეში, ჩვენ არ ვაპირებთ მერობის არჩევნებში მონაწილეობას და უბრალოდ, ოპოზიციიდან ჩემი კოლეგების იმედი მაქვს, რომ მიხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება და იპოვნიან ადამიანებს, ვინც შეიძლება, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს კახი კალაძეს და ნიკა მელიას“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
რაქვიაშვილის თქმით, „გირჩი“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.
„ ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება ხალხის საკრებულოს პროპორციული სიით გაყვანა. ჩემი აზრით, ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს. ამიტომ გაუგებარია ჩემთვის ამდენი ემოცია საერთო კანდიდატების ირგვლივ, მერობის, თუ მაჟორიტარების, რადგან ეს არაფერ შუაში არ არის იმ 43%-იან ჩანაწერთან და არანაირ გავლენას არ იქონიებს ამ ყველაფერზე. პროპორციული სია პირიქით, ძალიან მნიშვმელოვანია და ჩვენ მარტო ამ ნაწილში ვიქნებით ფოკუსირებული. ჩვენ იმდენი რესურსი არ გაგვაჩნია, რომ წარვადგინოთ ყველა მაჟორიტარი, მერები და ა.შ. პრაგმატულად ვუდგებით ამ საკითხს, ჩვენ გამოვირჩევით იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რესურსი არ გაგვაჩნია, მაქსიმალურად ეფექტიანად ვიყენებთ ამ რესურსს“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.