ალექსანდრე რაქვიაშვილი - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი დიდწილად ბუტაფორიაა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობს
კანონის თანახმად, ეროვნული ბანკი ერთპიროვნულად იმართება და საბჭოს ძალიან ცერემონიული ფუნქციები აქვს. ერთადერთი პრობლემა რაც არის, თურნავას არ ჰყავს მოადგილეები, მაგრამ სხვა მხრივ ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას დიდი პრობლემები არ შეექმნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, საბჭოს წევრი დიდწილად ბუტაფორიაა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობს.
„ზოგადად, კომფორტული არ იქნება, შიდა საქმეებში საბჭო გადაწყვეტილებებს იღებდა, მაგალითად, შიდა აუდიტის ნაწილში და ა.შ. მაგრამ რაც შეიძლება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იყოს – მონეტარული პოლიტიკის ნაწილი ან საბანკო ზედამხედველობა – 90% შემთხვევაში ყველა გადაწყვეტილებას საბჭოსთან არანაირი თანხმობა რომ არ სჭირდება, ისე ერთპიროვნულად იღებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ამიტომ არც არაფერი მოხდება. უბრალოდ, კარგი მაგალითია იმის, რამდენად ფიქციაა ის სისტემა მმართველობის, რომელიც ეროვნულ ბანკშია. საბჭოს წევრი დიდწილად ბუტაფორიაა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობს. ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, რომელსაც მე პრეზიდენტსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ვთავაზობდი საჯაროდ, კანონი შეგვეცვალა, რომ საბჭო გამხდარიყო საბჭო, როგორც იყო, სანამ ადეიშვილმა ქადაგიძისთვის არ შექმნა ერთპიროვნული მმართველობა ეროვნულ ბანკში და ისე დაგვრჩა. ადრე საბჭო იღებდა გადაწყვეტილებებს და საბჭოს წევრს ბევრად მეტი ფუნქცია ჰქონდა. კანონი რომ შეიცვალოს და საბჭო საბჭო გახდეს, გადაწყვეტილების მიღების უფლება გაუჩნდეს, მაშინ ეს პრობლემა, ვინ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მოიხსნება. სხვა შემთხვევაში ამ ჩიხიდან ვერ გამოვალთ, ვიდრე ან „ქართული ოცნება“ არ შეიცვლება, ან პრეზიდენტი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.