ალექსანდრე რაქვიაშვილი - ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების მაგიდაზე იდოს საპარლამენტო პროპორციული უბარიერო არჩევნები, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია
ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების მაგიდაზე იდოს საპარლამენტო პროპორციული უბარიერო არჩევნები, ყველაფერი დანარჩენი – იქნება ეს ვადამდელი არჩევნები, თუ ტექნოლოგიური საარჩევნო ცვლილებები, მეორეხარისხოვანია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის მათი ძირითადი მიზანი, რომლის გარეშეც პოლიტიკური კრიზისის დასრულება არ წარმოუდგენიათ.
„ეს დიაპაზონი ნულიდან სამ პროცენტამდე იყო უკვე მოლაპარაკებების მაგიდაზე და ჩვენთვის ეს საკმარისი რომ ყოფილიყო, თავისთავად მივიღებდით სათანადო გადაწყვეტილებას. ჩვენი მთავარი მიზანი არის საპარლამენტო, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, რაც გამორიცხავს ძალაუფლების კონცენტრაციას ერთ პარტიაში, თუ ერთი ადამიანის ირგვლივ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როგორც კი ეს წინადადება იქნება ოფიციალურად გაფორმებული, ეს იქნება წინაპირობა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის. არა მარტო ჩვენთვის, არამედ ბევრი სხვა პოლიტიკოსისთვის. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე იდოს საპარლამენტო პროპორციული უბარიერო არჩევნები, დაწყებული მოლაპარაკებების დღიდან. ყველაფერი დანარჩენი, იქნება ეს ვადამდელი არჩევნები, თუ ტექნოლოგიური საარჩევნო ცვლილებები, ეს არის მეორეხარისხოვანი. ჩვენ გაგვიხარდება, თუ სხვა მიზნებიც იქნება მიღწეული, მაგრამ ამ ძირითადი მიზნის გარეშე ჩვენ არ წარმოგვიდგენია პოლიტიკური კრიზისის დასრულება“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.
როგორც რაქვიაშვილი აცხადებს, არჩევნებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია ეფექტიანი მაშინ იქნება, თუ მასში ოპოზიცია ჩაერთვება.
„ასეთ კომისიას, ბუნებრივია სანდოობას ანიჭებს ოპოზიცია. ოპოზიციის გარეშე „ქართულ ოცნებას“ ახლაც შეუძლია ჩაატაროს ნებისმიერი გამოძიება, მაგრამ არამგონია, რომ ეს იყოს სანდო მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ არჩევნები იყო გაყალბებული. თუმცა საგამოძიებო კომისია თავისთავად ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია თუ ოპოზიცია ჩაერთვება ამ პროცესში შეიძლება იყოს ძალიან ეფექტიანად გამოყენებული. მაგრამ მეორე საკითხია, ჩემი კოლეგებიდან, ოპოზიციიდან ვინც უნდა იყოს ამ კომისიაში, პირველი არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდა და დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ჩვენ ამ დაკვირვების პროცესში ნაკლებად ვიყავით ჩართული, ამიტომ ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჩვენი კითხვები, ინტერესი მაგრამ, რთულად წარმოსადგენია ამ კომისიის ეფექტიანობა, თუ არ იქნებიან იქ ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიები“,- აღნიშნა რაქვიაშვილმა.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები ჩიხშია და რომელიმე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი ჩიხიდან გამოსასვლელად.
„მოლაპარაკებების თემაზე დისკუსია რომ მიმდინარეობს ეს თავისთავად კარგია. ჩვენ ერთნაირად დისტანცირებულები ვართ როგორც „ქართული ოცნებისგან“, ასევე ოპოზიციისგან ამ მომენტისთვის. ზუსტად იმიტომ, რომ დავინახეთ, ორივე მხარეს ჰქონდათ სურვილი ამა თუ იმ ფორმით ჩაეშალა მოლაპარაკება. ინდიკატორი იმისი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მოლაპარაკების ჩაშლა, არის უბარიერო პროპორციული არჩევნების შეთავაზების მიღება. მაშინ ჩვენ ცალსახად გვეცოდინება, რომ ერთ მხარეს უნდა მოლაპარაკება. ოპოზიციის რეაქციიდან დავინახავთ, რამდენად არიან ოპოზიციის მხარეს ის ადამიანები, ვისაც სურს, რომ კრიზისი დასრულდეს. ჯერ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია და რომელიმე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი ჩიხიდან გამოსასვლელად. ჩემი აზრით, ახლა ინიციატივა „ქართული ოცნების“ მხარეს არის და მე ველოდები მათ ნაბიჯებს“,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.