ალექსანდრე რაქვიაშვილი - ჩვენს მხარდამჭერებს არ ვეუბნებით, ვის მისცენ ხმა, ნიკა მელიას თუ სურს „გირჩის“ მხარდამჭერთა ხმები, პირდაპირ მათ უნდა ელაპარაკოს
ნიკა მელიას თუ სურს „გირჩის“ მხარდამჭერების ხმები, ის პირდაპირ უნდა ელაპარაკოს ჩვენს მხარდამჭერებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კოალიციური მთავრობის საკითხზე ნიკა მელიასთან კონსულტაციები არ ჰქონიათ.
„ნიკა მელიასთან კონსულტაცია არ გვქონია. ჯერჯერობით ვერც კი ვხედავ კონკრეტულ სარგებელს, რა შეიძლება, მოიტანოს ასეთი ტიპის კომუნიკაციამ. ნიკა მელიას ამ ეტაპზე არა ჩემი ან სხვა „გირჩელი“ პოლიტიკოსის მხარდაჭერა სჭირდება, არამედ ჩვენი მხარდამჭერების. ჩვენი მხარდამჭერები ჩვენს სიტყვებს არ მიჰყვებიან. თუ ნიკა მელიას უნდა „გირჩის“ მხარდამჭერების ხმები, ის პირდაპირ უნდა ელაპარაკოს ჩვენს მხარდამჭერებს.
ჩვენს მხარდამჭერებს არ ვეუბნებით, ხმა ვის მისცენ. თუ ნიკა მელიას სურს, რომ ჩვენმა მხარდამჭერებმა ხმა მისცენ, შეუძლია, ჩვენი სტუდიები გამოიყენოს, ჩვენს ჯგუფებში შემოვიდეს და ამ ხალხს ელაპარაკოს. ის, რომ რომელიღაც ჩვენს პოლიტიკოს დაჰპირდება რაღაც თანამდებობას ვირტუალურ მთავრობაში, არამგონია ვიღაცამ ამის გამო მხარი დაუჭიროს. პირადად მე, გამიხარდებოდა, რომ ოპოზიციამ რამდენიმე ქალაქში სულ მცირე მოიგოს. პოლიტიკური კონკურენციისთვის კარგია, როცა მრავალფეროვნებაა პოლიტიკაში“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ნიკა მელიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში გააკეთა განცხადება, რომ აპირებს, უახლოეს დღეებში დაასახელოს დედაქალაქის კოალიციური მთავრობა.