ალექსანდრე რაქვიაშვილი - ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც გთავაზობთ როგორც გამდიდრების გზებს, ასევე სამართლიან სასამართლოს და, ზოგადად, სამართლიანი წესრიგის მოწყობის გზებს
ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც გთავაზობთ როგორც გამდიდრების გზებს, ასევე სამართლიან სასამართლოს და, ზოგადად, სამართლიანი წესრიგის მოწყობის გზებს, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები“.
„ძვირფასო ამომრჩევლებო, არჩევნებზე, ყოველ ჯერზე თქვენ გეუბნებიან, რომ არჩევანი მარტივია, აგერ არის ბოროტება, აგერ არის სიკეთე, არ იფიქრო და ისე გააკეთე არჩევანი. ხან როგორ ლანძღავენ ერთმანეთს, ხან როგორ და 30 წელია, სიძულვილზე დგას მთელი ჩვენი პოლიტიკა. საბოლოო ჯამში, ხომ არაფერი არ იცვლება? ერთ ბელადს მეორე ბელადით ჩავანაცვლებთ და მერე გვიკვირს, რატომ გვყავს ეს ბელადი, რატომ გაფუჭდა, რატომ არ აკეთებს იმას, რასაც დაგვპირდა და ა.შ. ჩვენ გპირდებით, რომ ეს 30-წლიანი გაურკვევლობა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის რამდენიმე თაობა, ფაქტობრივად, უკვე გადაჰყვა, დავასრულოთ და ვიცხოვროთ მდიდარ, სამართლიან ქვეყანაში. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც გთავაზობთ როგორც გამდიდრების გზებს, ასევე სამართლიან სასამართლოს და, ზოგადად, სამართლიანი წესრიგის მოწყობის გზებს. ამიტომ, თუ გინდათ, რომ დასრულდეს ეს 30-წლიანი დაპირისპირება, აირჩიეთ „გირჩი“ და შევხედოთ მომავალს ერთად“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვისთან ითანამშრომლებს „გირჩი“ მანდატების მოპოვების შემთხვევაში და რა იქნება მათი მთავარი პირობა, რომელსაც სხვა პარტიებისგან მოითხოვს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ „გირჩს“ აქვს ქართველი ხალხის სწორი არჩევანის იმედი, პარტიის მიზანია ხალხის გამდიდრება, სამართლიანი საზოგადოება, ის არ აკეთებს პერსონიფიკაციას, ვინ რა ადამიანი იყო, რას აკეთებდა წარსულში და მზად არის, შეკრას კოალიცია ყველასთან, ვინც წაჰყვება დიდ პრივატიზაციაში, სასამართლო რეფორმაში და ხალხის გამდიდრებაში, „ქართული ოცნება“ იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა პარტია.
„თუ პარლამენტში გამოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებსაც მართლა უნდათ სასამართლო რეფორმა და გამდიდრება, ჩვენ მათთან შევკრავთ კოალიციას, ხოლო თუ ასეთი არ აღმოჩნდება, ჩვენ მზად ვიქნებით, კოალიცია არავის არ შევუქმნათ, პოლიტიკური კრიზისი გამოვიწვიოთ და კიდევ უფრო მეტი მანდატით შევიდეთ მომდევნო პარლამენტში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.