ალექსანდრე რაქვიაშვილი - აშშ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გვეხმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და დასანანია ცვლილებები, ჩვენი ჯარი არ იმსახურებს პარტნიორთან ურთიერთობის გაუარესებას
ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სისტემატურად გვეხმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და გასაგები იყო, რომ რაღაც ტიპის ცვლილება მოჰყვებოდა ამას, რაც ძალიან დასანანია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, ჩვენი ჯარი არ იმსახურებს სანქციებს თუ პარტნიორთან ურთიერთობის გაუარესებას, რადგან სხვა წყარო არ გვაქვს, როგორ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა.
„თავდაპირველად, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც „აგენტების კანონს“ ეხებოდა, მხოლოდ ერთადერთი თემა იყო ცალკე გამოყოფილი, ეს იყო თავდაცვისუნარიანობა და ჩვენს თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობა. ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სისტემატურად გვეხმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და გასაგები იყო, რომ რაღაც ტიპის ცვლილება მოჰყვებოდა ამას, რაც ძალიან დასანანია. ჩვენ თავიდანვე გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ჩვენი ჯარი არ იმსახურებს ასეთი ტიპის სანქციებს თუ ურთიერთობის გაუარესებას პარტნიორთან, რადგან მეტი სხვა წყარო არ გვაქვს, საბოლოო ჯამში, როგორ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა. მეორე მხრივ, ეს ცვლილებები ყველა ვარიანტში მოკლევადიანია, 26 ოქტომბერს არჩევნებია და იმედია, ჩვენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მეტი პრობლემა არ გვექნება.
ამ ეტაპზე, უბრალოდ, ზედმეტია საუბარი ნატო-ში ინტეგრაციაზე ან ამერიკასთან რაღაც ტიპის პარტნიორობაზე, გაჩერებულია მთელი პროცესი. ეს ღიად არის ნათქვამი, ამიტომ რამდენიმე თვე უნდა გავუძლოთ, არჩევნები იქნება და მერე ახლიდან აღვადგენთ ურთიერთობას. ისედაც გასაგებია, რომ ნატო-ში გაწევრიანება საკმაოდ შორეული პერსპექტივაა და ის რამდენიმე თვე, რომელიც ახლა დავკარგეთ, არ იქნება კრიტიკული“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.