ალექსანდრე რაქვიაშვილი - არ გამიგია, საჯარო სივრცეში ევროპას ვიღაც სთხოვდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, „მაკკეინის ინსტიტუტმა“ უნდა მიუთითოს, ვისზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, ვის არ სურს უვიზო მიმოსვლა
„მაკკეინის ინსტიტუტმა“ უნდა განმარტოს, საიდან არის წყარო. მე არ გამიგია, საჯარო სივრცეში ევროპას ვიღაც სთხოვდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხია და უნდა ვიცოდეთ, ვის არ სურს უვიზო მიმოსვლა.
„ბუნებრივია, რისკი არსებობს, თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენი ურთიერთობები გაფუჭდება, მაგრამ არ მგონია, უშუალო რისკი არსებობდეს ამ ვითარებაში. ძალიან გამიკვირდება, რომელიმე არასამთავრობო ამას ითხოვდეს. ქვეყანაში რამდენიმე ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა და „მაკკეინი“ თუ რაღაცაზე წერს, უნდა მიუთითოს, ვისზეა საუბარი, რადგან ეს პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და უნდა ვიცოდეთ, ვის არ უნდა, რომ ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა ევროპელებთან. ასეთი დასკვნა თუ დაიწერა, სულ მცირე, განმარტება იქნებოდა კარგი. ყოველ შემთხვევაში, უფრო სერიოზული, რადგან შეიძლება, სამი ათასში ერთი ასეთი მოიძებნა, ვინც რაღაც თქვა, მაგრამ ეს ყველაფერს არ ნიშნავს“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს, რაც, მათი მტკიცებით, ამომრჩევლებს რეალურად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების შედეგს.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „აშშ-ისა და ევროკავშირის საერთაშორისო დახმარების სააგენტოებმა უნდა დაუჭირონ მხარი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და არ შეასრულონ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი, ხოლო „აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა საჯაროდ უნდა გამოთქვან სერიოზული ეჭვები ნებისმიერი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობის შესახებ, რომელიც ჩატარდება მიუკერძოებელი დაკვირვების შეზღუდვისა და წარუმატებელი საარჩევნო რეფორმის ფონზე“.