ალექსანდრე რაქვიაშვილი - ადამიანს სატანისტები როცა ელანდება და ამით აკეთებს აქციაზე დასკვნებს, რთულია ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურად იყო ყველაფერი აღქმული
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ადამიანს სატანისტები როცა ელანდება და ამით აკეთებს აქციაზე დასკვნებს, რთულია ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურად იყო ყველაფერი აღქმული

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ისეთი ელემენტებისგან შედგებოდა, ვერც კი გაიგებ, სერიოზული განცხადებები იყო თუ ხუმრობა. როცა ადამიანს სატანისტები ელანდება და ამით აკეთებს აქციაზე დასკვნებს, რთულია ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურად იყო ეს ყველაფერი აღქმული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ღარიბაშვილი აღნიშნავს: „მოვისმინეთ ბევრი კრიტიკა, თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს არის სიცრუე. ძალადობა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ, ე.წ. „გირჩის“ მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტებმა. რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაქცეულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად“.

რაქვიაშვილის თქმით, პრემიერის განცხადება მიუთითებს, რომ შეცდომა გააზრებული არ აქვთ და ცდილობენ, გამართლება მოძებნონ.

„ვიდრე არ იფიქრებენ, რომ შეცდომა დაუშვეს, არაფერი გამოვა. დარწმუნებული ვარ, რომ მოლოტოვის კოქტეილები სუსი-ს პროვოკატორებმა ისროლეს, რადგან მიტინგზე მოლოტოვის კოქტეილებით ასე არ დაბოდიალობენ. შეფასებები, რომ რომელიღაც სტუდენტი ასეთი იყო და ისეთი, აბსურდია, რადგან როგორ უნდა დაადგინო ადამიანის მოტივაცია? პოლიციამ დარბევის პროცესი შექმნა და პრემიერის განცხადება მიუთითებს, რომ შეცდომა გააზრებული არ აქვთ და ცდილობენ, გამართლება იპოვონ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.