ალექსანდრე რაქვიაშვილი - მდინარაძემ რაც თქვა, ან ტყუილია, ან გამოდის, რომ ისინიც აგენტები არიან, ოღონდ ამ მთელ აგენტურულ თამაშში რაღაცნაირად სხვა როლს თამაშობენ
პირდაპირი გაგებით თუ გავიგებთ იმას, რაც მდინარაძემ თქვა, იმხელა არის საჯარო ინტერესი, რომ უნდა ითქვას, ვისი აგენტები არიან, საუბრობენ უცხოურ ძალებზე, ეს კანონით აკრძალულია, ეს ხალხი კრიმინალები გამოდიან და „ქართული ოცნება“ უცხოეთიდან მართულ ამ მასობრივ და ორგანიზებულ კრიმინალს ეგუება?, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, ეს ძალიან სასაცილოდ გამოიყურება.
„ეს თავიდან ბოლომდე ან ტყუილია, ან გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ამ აგენტურის არსებობას და ხალხს აფრთხილებს, ცუდი ხალხი არისო. ეს ასე არ მუშაობს. თუ ამბობ, რომ ვიღაც აგენტი და მართულია გარე ძალებიდან, თუ იცი, საიდან იცი, მტკიცებულება დადე, ერთი მაინც. მეორე – ამას როგორ ეგუები, რომ შენს ქვეყანაში ეს ხდება, როცა სრული ძალაუფლება გაქვს და შეგიძლია, სუს-დან დაწყებული, პარლამენტით დამთავრებული ყველაფერი გააკეთო. ამიტომ, ეს ყველაფერი სერიოზულად არ გამოიყურება. ეს პროპაგანდაა. არაფერი ეტყობა, რომ ეს სიმართლე იყოს. მაშინ უნდა დავიჯერო, რომ „ქართული ოცნება“ ამ დანაშაულებრივ მასობრივ ქმედებებს ეგუება. ეს „ქართულ ოცნებაზე“ კარგად არ მეტყველებს. გამოდის, რომ ისინიც აგენტები არიან, ოღონდ ამ მთელ აგენტურულ თამაშში რაღაცნაირად სხვა როლს თამაშობენ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის მიცემული თითოეული ხმა არის უდიდესი ხიფათი ქვეყნის არსებობისთვის“.