ალექსანდრე მოწერელიამ და გიორგი შენგელიამ ზუგდიდის ბაზარი მოინახულეს, რომელიც გუშინ ნაწილობრივ გაიხსნა
ალექსანდრე მოწერელიამ და გიორგი შენგელიამ ზუგდიდის ბაზარი მოინახულეს, რომელიც გუშინ ნაწილობრივ გაიხსნა

ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილმა მუშაობა განაახლა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაზარში დაცულია სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები და სამართალდამცველები აკონტროლებენ.

ამასთან, ბაზარში პირბადის გარეშე მოქალაქეები ვერ შედიან და ტერიტორიზე შეზღუდული რაოდენობით გადაადგილდებიან.

ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ამჟამად ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია მუშაობს.

პარალელურად წესრიგდება შენობის მიმდებარედ არსებული სასურსათო მაღაზიები, თუ ისინი დააკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს და იქნება შესაბამისი დასკვნა – ფუნქციონირებას შეძლებენ.

ბაზარში არსებულ ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ.

ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგს უწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.

პრესსამსახურის ცნობით, ნორმების დაუცველობის შემთხვევაში აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე კვლავ გატარდება მკაცრი ზომები.

ზუგდიდის ბაზარი 6 აპრილს დაიხურა.