ალექსანდრე მოწერელია - საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ყველა ადამიანი იზეიმებს დღეს, როდესაც ეს სამარცხვინო ხაზი გაქრება ჩვენს ტერიტორიაზე
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის წყოუშის უბანში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს მხრიდან უკანონოდ გავლებული საოკუპაციო მავთულხლართების გამოსაცვლელად სამზადისი დაიწყეს.
მოწერელიას თქმით, ეს არის სამარცხვინო პროცესი, რომელსაც რუსეთი საქართველოს შიდა ტერიტორიაზე ახორციელებს.
„ჩვენ ყველანი ვართ მოწმე, იმ სამარცხვინო პროცესის, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი ეწევა სამწუხაროდ ჩვენს შიდა ტერიტორიაზე. საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო, აფხაზეთი არის მისი განუყოფელი ნაწილი. აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები არიან ჩვენი, საქართველოს მოქალაქეები. ჩვენი მოქალაქეების მიმართ ვიჩენთ პასუხისმგებლობას.
დღეს, როდესაც უჭირს მთელს მსოფლიოს, ამ ეპიდემიასთან დაკავშირებით, მზად ვართ ყველა, თითოეული მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა, მივიღოთ, ვუმკურნალოთ, შევიფაროთ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მოწერელიამ.
სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორმა იმედი გამოთქვა, რომ საოკუპაციო ხაზი მალე აღარ იქნება.
„ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა, ვისაც დღეს ეკრძალება თავის თანამომოძმეებთან ურთიერთობა, ყველა ის ადამიანი იზეიმებს იმ დღეს, როდესაც ეს სამარცხვინო ხაზი გაქრება ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში. ამის მოწმენი ჩვენ ძალიან მალე ვიქნებით. ამდენად, ჩვენი პასუხი ამ აგრესიის მიმართ არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროპისკენ, იქ სადაც ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად არის გარანტირებული“, – განაცხადა მოწერელიამ.
დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის წყოუშის უბანში უკანონო საკონტროლო – გამშვებ პუნქტთან, საოკუპაციო მავთულხლართების ბოძების შესაცვლელად, უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელების მიზნით სამუშაოები დაიწყეს.