სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ხობში კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა.
რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოღებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები, განხორციელებული აქტივობები და გეგმები განიხილეს.
გუბერნატორი ხობში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების საკითხით დაინტერესდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, შორენა საბახტარაშვილის და პოლიციის უფროს დავით პაპავას ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები დღეში რამდენჯერმე მოწმდებიან, მათზე დაკვირვება მიმდინარეობს, რამდენად კარგად იცავენ თვითიზოლაციის წესებს. ხობში ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 40 მოქალაქე, ხოლო საკარანტინო ზონაში ოთხი ადამიანი იმყოფება.
შეხვედრას ხობის მერი, პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.