სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქალაქის ჩაკეტვა არ განიხილება, რადგან ინფიცირებულების კონტაქტები მიკვლევადია.
ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ზომების გამკაცრება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, თუ დაფიქსირდება შემთხვევა, როდესაც კონტაქტების გამოკვლევა შეუძლებელი იქნება.
„ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი, რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან გადასაწყვეტი. დღეის მონაცემებით, ტრაილერის მძღოლის კლასტერის ყველა კონტაქტი, პრაქტიკულად, ჯერჯერობით არის მიკვლევადი. შესაბამისად, ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. თუ გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ამ შემთხვევაში ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციასა და მითითებას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს რეგიონში 70-ზე მეტი ნიმუშია აღებული გამოსაკვლევად. ამ ნიმუშებიდან რვა არის ტრაილერის მძღოლის კონტაქტი, აღებულ ანალიზებზე პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი. ტრაილერის მძღოლის ჩათვლით, სულ ამ კლასტერში კორონავირუსი შვიდ პაციენტს დაუდასტურდა.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის მოთავსებულია 56 პირი. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 205 პირია თვითიზოლაციაში.