ალექსანდრე მელიქ-ფაშაევის სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შაუმიანში, ალექსანდრე მელიქ-ფაშაევის სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.
სააგენტოს ინფორმაციით, სახლი აგებულია მე-19 საუკუნეში ვინმე ქალანთაროვის მიერ, რომელიც იმ დროს ამ სოფლის მელიქი იყო და მეფის რუსეთის სამხედრო სამსახურში მოღვაწეობდა. მომდევნო წლებში სახლში ქალანთაროვის შთამომავლები (გაბო ქალანთაროვი და მელიქ ფაშაევი) ცხოვრობდნენ. ერთი-ერთი გადმოცემის თანახმად, 1905 წელს ამ სახლში დაიბადა ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი, შემდგომში გამოჩენილი სომეხი დირიჟორი, რომელიც ჯერ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი იყო, ხოლო შემდგომში მოსკოვის დიდი თეატრის მთავარი დირიჟორი.გასაბჭოების შემდეგ, 1926 წელს აღნიშნული შენობა კომუნისტებმა გაბო ქალანთაროვს ჩამოართვეს და მასში სადაბო საბჭო განათავსეს, რომელიც 1987 წლამდე ფუნქციონირებდა. შემდეგ კი შენობაში ბიბლიოთეკა და ფაშაევის მუზეუმი განთავსდა.
დღესდღეობით, შენობაში სოფლის ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. ერთ ოთახში კი, განთავსებულია ფაშაევის მუზეუმი, რომელშიც დაცულია მოსკოვის თეატრში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: კლავიატურები, აფიშები, სხვადასხვა დოკუმენტი, ხელნაწერები, პირადი ნივთები.
შენობას აქვს ეპოქისთვის შესაბამისი დაბის ურბანიზაციის მახასიათებელი ელემენტები.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიწყო კულტურული ძეგლების, მათ შორის მართლმადიდებლური, გრიგორიანული, მუსლიმანური, რელიგიური ძეგლების ინვენტარიზაცია/კვლევა. ამ დროისთვის, აღწერილია 114 ძეგლი, საიდანაც 83-ს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სტატუსი. ასევე, შესწავლილი იქნა გერმანული დასახლებები, რომლებიც ახკერპისა და თამარისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარეობს.