ალექსანდრე მაისურაძე - საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე, საქართველო მუდმივად არის ნატო-ს დღის წესრიგში
ყველაზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ფაქტი, საქართველო როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე, მუდმივად არის ნატო-ს დღის წესრიგში, – ამის შესახებ ლონდონში საქართველოს პირველ არხს ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა რეზოლუციასა და ანგარიშში, რომელსაც განიხილავს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საშემოდგომო სესიაზე, საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად არის ასახული.
„ეს შეეხება როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ასევე ევროინტეგრაციის შეუქცევადობას. მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი, ასახულია კონკრეტული მიმართულებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ საქართველოს გააჩნია ყველა მექანიზმი ალიანსში გასაწევრიანებლად. შეფასებები არის აბსოლუტურად მაქსიმალური. გექნებათ საშუალება, თავად დარწმუნდეთ, როგორ აფასებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ეს ყველაფერი ჩამოყალიბებულია კონკრეტული გადაწყვეტილებების სახით“, – განაცხადა ნატო-ში საქართველოს ელჩმა.
ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესია გაიხსნა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ორგანიზაციის სამომავლო ნაბიჯებზე.