ალექსანდრე მაისურაძე - პრეზიდენტს ბრიუსელში შესაძლებლობა ექნება, მიმოიხილოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ნატო-საქართველოს დღის წესრიგს უკავშირდება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პირველი სამუშაო ვიზიტით ბელგიის დედაქალაქს ეწვია. პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირსა და ნატო-ში.
ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტს პირველი ვიზიტის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, მიმოიხილოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს დღის წესრიგს.
„დაგეგმილია შეხვედრები როგორც ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან. პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, მიმოიხილოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არსებობს ნატო-საქართველოს დღის წესრიგში.
მოგეხსენებათ, მიმდინარე წელი არის საკმაოდ დატვირთული მოვლენებით როგორც საქართველოში, ასევე ბრიუსელში. გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, რომელიც დაგეგმილია მარტის თვეში. ეს იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი.
ამასთან, პრეზიდენტს საშუალება ექნება, დეტალურად მიმოიხილოს როგორც პოლიტიკური დიალოგის, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი“,- განაცხადა მაისურაძემ.