ალექსანდრე მაისურაძე - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრს პირველად ექნება საშუალება, ერთობლივი წვრთნები თავისი რესურსით დაგეგმოს და განახორციელოს
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრს პირველად ექნება საშუალება, ერთობლივი წვრთნები თავისი რესურსით დაგეგმოს და განახორციელოს, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ პირველ არხს განუცხადა.
მისი შეფასებით, ეს საქართველოს მდგრადობის და თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის განზომილებაში ჩვენ კონკრეტული შედეგის მომსწრე გავხდით. უელსის სამიტზე აღებული ვალდებულებები ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში სრულდება. ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი არის ფლაგმანი პროექტი ამ პაკეტის ფარგლებში“, – განაცხადა ალექსადრე მაისურაძემ.
ნატო-საქართველოს წვრთნები მარტში, საქართველოში გაიმართება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 23 ქვეყანა. 20 ნატო-ს წევრი და სამი ალიანსის პარტნიორი სახელმწიფო. საქართველოს ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივანი და სამხედრო კომიტეტი.