ალექსანდრე მაისურაძე - MAP-ი არის საქართველოს ნატო-ში მიპატიჟებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი
ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველად, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ექნება შესაძლებლობა, ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან განიხილოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს უპრეცედენტო შეხვედრა ნატო-საქართველოს ურთიერთობაში არის წინგადადგმული ნაბიჯი.
რაც შეეხება გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, როგორც მაისურაძემ აღნიშნა, MAP-ი არის საქართველოს ნატო-ში მიპატიჟებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი.
„ალიანსი არის კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაცია. ნებისმიერი სახელმწიფო საჭიროებს ორგანიზაციის 29 წევრი სახელმწიფოს ერთ პოზიციაზე დგომას. საქართველოს მიპატიჟების თემაც კონსენსუსის საკითხია.
სამიტისთვის იყო განსაზღვრული რამდენიმე მიზანი. მათ შორის იყო ფორმატი და ფორმატს ჩვენ მივაღწიეთ. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ალიანსის დასკვნით დოკუმენტებში საქართველოსთან დაკავშირებული პრობლემატიკა ადეკვატურად აისახოს. ეს ეხება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტს, საქართველოში მიმდინარე ყოვლისმომცველ რეფორმებს, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში.
სამიტი იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოების გზაზე ნატო-სთან და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.
შეხვედრა 12 ივლისს შედგება საქართველოსთან და უკრაინასთან. ჩვენ გვაქვს საერთო სახის პრობლემები და გამოწვევები, მაგრამ რაც ეხება ალიანსში ინტეგრაციის პროცესს, საქართველო და უკრაინა განსხვავებულ საფეხურზე იმყოფებიან.
იმედს გამოვთქვამ, ეს ყველაფერი ნატო-ს დასკვნით დოკუმენტებში შესაბამისად აისახება“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.