ალექსანდრე მაისურაძე - ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება გვიდასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა და საქართველოც შეაბიჯებს ამ ღია კარში
ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება გვიდასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა და საქართველოც შეაბიჯებს ამ ღია კარში, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მაკედონიის გაწევრიანების პროტოკოლზე ხელმოწერა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება და მას კონკრეტული შედეგები მოაქვს.
საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება და ნათელი დასტური იმის, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა გრძელდება და მას კონკრეტული შედეგები მოაქვს, რაც ამჯერად აისახება ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანებაში. რაც შეეხება პროცესის მნიშვნელობას დანარჩენი ასპირანტი ქვეყნებისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გვაძლევს სტიმულს და გვიდასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა და საქართველოც შეაბიჯებს ამ ღია კარში“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.
მისი თქმით, 2019 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება ნატო-საქართველოს ერთობლივი ღონისძიებებით.
„როგორც მომავალი თვე, ასევე მთლიანად 2019 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება ღონისძიებებით. საქართველოში გაიმართება ნატო-სა და საქართველოს ერთობლივი სწავლება. დაგეგმილია საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი. საქართველოს ეწვევა ნატო-ს სამხედრო კომიტეტი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდამჭერი გზავნილი ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პროცესისადმი, თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობის თვალსაზრისით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.
ნატო-ს შტაბბინაში ხელი მოეწერება მაკედონიის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს. ამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ ნატო-ს წევრი 29 სახელმწიფოს სპეციალური წარმომადგენლები.