ალექსანდრე კობაიძე - გიორგი ჭანტურიას აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და ეთქვა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა
ალექსანდრე კობაიძე - გიორგი ჭანტურიას აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და ეთქვა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, გიორგი ჭანტურიას აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული და ეთქვა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა.

მისი თქმით, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, ჭანტურიაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას შს მინისტრის პირველი მოადგილე ახდენდა.

„მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა. მონაწილეობას იღებდა ამაში შს მინისტრის პირველი მოადგილე. ის აიძულებდა ჭანტურიას, რომ დანაშაული ეღიარებინა და ეთქვა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა. თავიდან არ იყო დაზუსტებული, რომელი მაღალჩინოსანი იყო ეს. შემდეგ დავადგინეთ. გიორგიმ გაიხსენა და ამ ფაქტს ვადასტურებთ. ისეთი ვერსიები შესთავაზეს გამოძიებას, სიტუაციას ამწვავებს ყველაფერი და ეჭვი გვაქვს, შეგნებულად ხომ არ ხდება ამ პიროვნების გამოყვანა საზოგადოებაში. ვგულისხმობ მოწმეს, ბაზრის დირექტორს. ეს კაცი თუ ამდენს ბედავს და საუბრობს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი არ ახდენს ზეწოლას“, – განაცხადა კობაიძემ.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.