ალექსანდრე ხვთისიაშვილი - ავღანეთიდან ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანის პროცესში ქართული მხარის ჩართულობა მნიშვნელოვანია, ყველაფერს სწრაფად და ეფექტურად ვაკეთებთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ავღანეთიდან ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანის პროცესში საქართველოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ევაკუაციის პროცესი კარგად აწყობილი სისტემით მიმდინარეობს და ქართული მხარე ფუნქციას ეფექტურად ასრულებს.
„მისია – ქაბულიდან ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანა სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენი ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, როგორც საიმედო და ეფექტური პარტნიორი, ამ მისიაში ვმონაწილეობთ და შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებს ვაძლევთ საშუალებას, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ როგორც სატრანზიტო ჰაბი ამ ადამიანების გამოსაყვანად და სხვადასხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად.
რამდემიმე დღეა, ჩვენ ეფექტურად ვმუშაობთ, ძალიან კარგად აწყობილი სისტემით ხდება ამ ადამიანების სამხედრო თვითმფრინავებით გამოყვანა ქაბულიდან და თბილისში ჩამოყვანა. ასევე ხდება ტექნიკური დახმარების გაწევა, არის ისეთი ფრენებიც, როცა საქართველოში გამოფრენა მხოლოდ საწვავის შესავსებად ხდება. ამ ყველაფერს სწრაფად და ეფექტურად ვაკეთებთ, რასაც ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ქართული მხარე ძალიან ეფექტურად ასრულებს ამ ფუნქციას. პარტნიორობისა და დახმარებისთვის მადლობელნი არიან. ხალხის გამოყვანის აქტიური პროცესი 31 აგვისტომდე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პროცესი თუ გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ მხარში დგომას ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.