გიორგი ხოჯევანიშვილი - აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ფილიპ რიკერის ვიზიტი ზუსტად ცხადყოფს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას მათთან
ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი ზუსტად ცხადყოფს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას მათთან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე აუცილებლად იქნება პარტია „საქართველოსთვის“ გუნდიც წარმომადგენელიც.
„რა ფორმატში და როგორ, ამასთან დაკავშირებით შიგნით გუნდში იქნება მსჯელობა და მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეხვედრაზე დასმული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები – როგორც ზეპარტიული, ისეთი როგორიც არის საქართველოს ევროინტეგრაცია და დეოკუპაცია, ასევე შიდაპოლიტიკური მიმდინარე თემები არჩევნები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც საზოგადოებას აწუხებს“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი 6-13 ივნისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფილიპ რიკერი საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს; შეხვედრებზე საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები იქნება განხილული.