ალექსანდრე იაშვილი - ძირითადად, დამწვარია სიგარეტის საწყობები და მეორადი საქონელი
თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის „ქალაქის გულის“ დირექტორის მოადგილის, ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, მოვაჭრეებს ცენტრის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება ჯერ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ ეძლევათ. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამასთან, როგორც იაშვილი ამბობს, ადმინისტრაცია აქტიურ კონტაქტზეა უცხოელ პარტნიორებთან.
„ცენტრში გარკვეული ტერიტორია ხანძარს გადაურჩა, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, ექსპერტ-კრიმინალისტები არ გვაძლევენ იმის უფლებას, რომ მოვაჭრეები შევუშვათ. მზად ვართ, შესაძლებლობისთანავე შევუშვათ ისინი გადარჩენილი და მალფუჭებადი პროდუქციის გამოსატანად“, – აღნიშნა ალექსანდრე იაშვილმა.
მისი განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა სადაზღვევო კომპანიებთან, რომ მოვაჭრეებს, რომლებსაც საქონელი დაზღვეული ჰქონდათ, ზარალი აუნაზღაურდეს. თუმცა, ჯერ ზარალის ოდენობა უნდა დაზუსტდეს.
„ქალაქის გულის“ დირექტორის მოადგილის თქმით, ყველაზე დიდი ფართი ცენტრში თამბაქოთი მოვაჭრეებს ეკავათ.
„ჩვენთან იყვნენ სიგარეტით მოვაჭრეები, ყველაზე დიდი ტერიტორია მათ უკავიათ და ყველაზე მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ. ჩვენ შევთავაზეთ მათ დროებით ალტერნატიული ტერიტორია და საშუალება ექნებათ განაგრძონ მუშაობა“, – განაცხადა იაშვილმა და აღნიშნა, რომ ალტერნატიული ფართი მეორადი საქონლით მოვაჭერეებსაც შეეთავაზათ.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ალექსადნრე იაშვილის თქმით, ეს ექსპერტიზის პასუხების შემდეგ დაზუსტდება. იაშვილი ცენტრში ელექტროობის გაუმართაობას, ასევე, ბაზრის მეწილეებს შორის გაუგებრობას გამორიცხავს.
მისი თქმით, ძირითადად დამწვარია სიგარეტის საწყობების ნაწილი და მეორადი საქონელი.
„ბაზრის მეწილეებს შორის გაუგებრობა გამორიცხულია, პირიქით, კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და მით უფრო ქართველებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.