ალექსანდრე გოგინავა - „მაიმუნის ყვავილს“ არ აქვს უნარი, ფართომასშტაბიანი პანდემია გამოიწვიოს, საქართველოშიც ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი პრობლემა შექმნას, როგორც კორონავირუსის შემთხვევაში იყო
ალექსანდრე გოგინავა - „მაიმუნის ყვავილს“ არ აქვს უნარი, ფართომასშტაბიანი პანდემია გამოიწვიოს, საქართველოშიც ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი პრობლემა შექმნას, როგორც კორონავირუსის შემთხვევაში იყო

დაავადების გავრცელების იმ დინამიკიდან გამომდინარე რაც გვაქვს მსოფლიოში, საქართველოშიც მოსალოდნელი იყო, რომ „მაიმუნის ყვავილი“ დაფიქსირებულიყო. ამაში განსაკუთრებით საპანიკო არაფერია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

როგორც გოგინავამ აღნიშნა, ზოგადად, მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი მიმდინარეობის.

მისივე თქმით, პაციენტი, რომელსაც საქართველოში დაუდასტურდა „მაიმუნის ყვავილი“, უკვე გამოჯანმრთელებულია.

„ზოგადად, მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი მიმდინარეობის, ვგულისხმობ არაენდემურ კერაში, აფრიკის კონტინენტის გარეთ. ​როგორც ინფორმაცია გვაქვს, საქართველოში დადასტურებული პაციენტის მდგომარეობა, იყო საშუალო სიმძიმის და უკვე გამოჯანმრთელებულია. აქედან გამომდინარე, პანიკის საფუძველი არ გვაქვს. აუცილებელია როგორ მოსახლეობამ, ასევე სამედიცინო დაწესებულებებმა იცოდნენ, რაზე გაამახვილონ ყურადღება, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ იყოს ერთეული შემთხვევები. დიდი ალბათობით, ამ დაავადებას არ აქვს უნარი ფართომასშტაბიანი პანდემია გამოიწვიოს. ჩვენს ქვეყანაშიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისეთი გლობალური პრობლემა შექმნას, როგორც ეს კორონავირუსის შემთხვევაში იყოს. საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის დროს სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არ არის, მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. რაც შეეხება მძიმე მიმდინარეობას, არსებობს სპეციალური ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი და ეფექტურია. ვაქცინაც საკმაოდ ეფექტურია და ის გამოიყენება დაავადების პრევენციისთვის და უკვე არსებული „ყვავილის“ ვაქცინაც გვიცავს ინფიცირებისგან და მძიმე მიმდინარეობისგანაც“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

ინფექციონისტმა დაავადების სიმპტომებზეც ისაუბრა.

„ორსული დედისგან შვილზე გადაცემის ფაქტები ამ ეტაპზე აღრიცხული არ არის. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ ამ დაავადების გავრცელება მოხდება საქართველოში, ეს იქნება შემოტანილი შემთხვევები, მნიშვნელოვანია ადამიანს აქვს თუ არა მოგზაურობის ანამნეზი. სიმპტომებს რაც შეეხება, იწყება მწვავედ, ახასიათებს როგორც წესი ტემპერატურული რეაქცია, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება და ყველაზე მეტად დამახასიათებელი სიმპტომია გამონაყარი, რომელიც დაავადების 3-4 დღეს ვითარდება და გრძელდება ორიდან ოთხ კვირამდე, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე“, – განაცხადა გოგინავამ.