ალექსანდრე გეჯაძე - ლექსო ლაშქარავას მორფინის თითო ამპულას კლინიკაში დღეში რამდენჯერმე უკეთებდნენ, ბოლო მორფინის გაკეთების ეპიზოდი დაფიქსირებულია 8 ივლისს, ამით ოფიციალურად მას ნარკოტიკული ნივთიერება აღარ გაუკეთებია
ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერებით, ლექსო ლაშქარავას კლინიკაში ყოველდღე უკეთებდნენ მორფინის თითო ამპულას, დღეში რამდენჯერმეც, ბოლო მორფინის გაკეთების ეპიზოდი დაფიქსირებულია 8 რიცხვის თარიღით და შესაბამისად, ამით ოფიციალურად მას ნარკოტიკული ნივთიერება აღარ გაუკეთებია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერებით, ყოველდღე უკეთებდნენ მორფინის თითო ამპულას, დღეში რამდენჯერმეც. ბოლო მორფინის გაკეთების ეპიზოდი დაფიქსირებულია 8 რიცხვის თარიღით და შესაბამისად, ამით ოფიციალურად მას ნარკოტიკული ნივთიერება აღარ გაუკეთებია. ინექციის კვალი ორი მიმართულებით იყო, საზარდულოს მიდამოებში. ამასთან მიმართებით, საბოლოოდ, ეს ინექციის კვალი იყო თუ რა იყო, კვლევა მოგვცემს საბოლოო დასკვნას. თავის რბილი საფარის ქვეშ მას ჰქონდა ლოკალური ხასიათის სისხლჩაქცევები და თვითონ თავის ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევები მას არ აღენიშნებოდა“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.
მისივე თქმით, ლაშქარავას მორფინი ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა.
„გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ სამედიცინო ბარათი, ანუ „ნიუ ჰოსპიტლის“ ავადმყოფობის ისტორია, კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნითურთ. ამ ისტორიის მონაცემებით, აწ გარდაცვლილს ჰქონდა საკმაოდ რთული და ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში, ძვლოვანი სტრუქტურის შემადგენელი ქვედა კიდის ღრმა ფრაგმენტული მოტეხილობა, ფრაგმენტების შეღწევით ჰაიმორის ღრუში და მიმდებარე ანატომიურ სუბსტანციებში. შესაბამისად, ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის მერე მკურნალობა უტარდებოდა. ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი, მკურნალობის დაწყებიდან ანუ 5 ივლისიდან. 8 რიცხვში პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე ნევროპათოლოგისა და სხვა სპეციალობების მეთვალყურეობის ქვეშ. დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.