დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია - ჩვენი ენა, კულტურა, სიმღერა, ცეკვა, ყველაფერი ქრისტიანული სულით არის ნასაზრდოები, ასეთი ქვეყნის ხელისუფალს ეკლესიისა და ზიარების მნიშვნელობა უნდა ესმოდეს
დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია - ჩვენი ენა, კულტურა, სიმღერა, ცეკვა, ყველაფერი ქრისტიანული სულით არის ნასაზრდოები, ასეთი ქვეყნის ხელისუფალს ეკლესიისა და ზიარების მნიშვნელობა უნდა ესმოდეს

დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლამ ეკლესიის დევნის ხასიათი მიიღო, როდესაც გარკვეული ადამიანები ცდილობდნენ, ეკლესია და ზიარება ვირუსის გავრცელების მთავარ საფრთხედ წარმოეჩინათ.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო დღეებს, რომლებიც გამოვიარეთ პანდემიის პერიოდში. როდესაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლამ მიიღო ეკლესიის დევნის ხასიათი, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, თვითმარქვია თეოლოგები, ე.წ. ექსპერტები და სპეციალისტები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ, ეკლესია და ზიარება წარმოეჩინათ ვირუსის გავრცელების მთავარ საფრთხედ და მოითხოვდნენ ზიარების წესის შეცვლას, საბოლოოდ, წირვა-ლოცვების შეჩერებას.

მას შემდეგ, რაც თავიანთ მიზანს ვერ მიაღწიეს, ვნების შვიდეულში ქვეყანაში სრული ისტერია მოაწყვეს, სასულიერო პირებს და მრევლს მკვლელები უწოდეს, პატრიარქსა და წმინდა სინოდს კი ერის გაწირვაში დასდეს ბრალი“,- განაცხადა ერქვანიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ სრული უნდობლობა გამოხატა ეკლესიისადმი.

„მთელი ამ დროის განმავლობაში, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ ეკლესიის წევრთა სტიგმატიზაციას, მათი მხრიდან წინასააღდგომოდ გაკეთებული განცხადებები, მოწოდებები და აღდგომის ღამეს მიღებული გადაწყვეტილებები იყო სამარცხვინო.

საქართველო ქრისტესთვის წამებულთა ქვეყანაა, რომლის თითოეული გოჯი მიწისა მორწყულია მოწამეობრივი სისხლით. ჩვენი ენა, კულტურა, სიმღერა, ცეკვა, ყველაფერი ქრისტიანული სულით არის ნასაზრდოები. ამიტომ ასეთი ქვეყნის ხელისუფალს უნდა ესმოდეს მართლმადიდებლური ეკლესიისა და ზიარების მნიშვნელობა.

უნდა ესმოდეს, რომ ქართველი ერის გადარჩენა ეკლესიაშია და განსაცდელის ჟამს სახლში კი არ უნდა რჩებოდეს, მთელ მოსახლეობას ღვთისადმი სასოებისა და სიყვარულის მაგალითს უნდა აძლევდეს. უნდა ესმოდეს, რომ ზიარების საიდუმლოში ეჭვის შეტანა, გარდა იმისა, რომ ღვთის გმობა და ურწმუნოებაა, საკუთარი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, მორწმუნე მრევლის შეურაცხყოფაა.

მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან დაწესებული შეზღუდვებისა და ქრისტეს მოძულეების მიერ მოწყობილი ისტერიისა, საქართველომ აღდგომის დღესასწაული მრევლთან ერთად იზეიმა. ღვთის წყალობით და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველო აღმოჩნდა მთელს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც მრევლისთვის წირვა-ლოცვები არ შეწყვეტილა.

სწორედ ქართველი ხალხის ეს თავგანწირვა და ერთგულება შეიწირა უფალმა. შედეგსაც ყველანი ვხედავთ. აღდგომის შემდეგ სპეციალისტთა ვარაუდით ასობით და ათასობით ინფიცირებულთა შესახებ იტალია და კუბოები არ გამართლდა. ღვთის წყალობით, ყველაფერი დამშვიდდა, ამ განსაცდელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი დიდია წყალობა და მფარველობა უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ერზე.

ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ყველანი უნდა ვმადლობდეთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პატრიარქი, რომელიც არის მთელი მართლმადიდებლური სამყაროს იმედი, რომელიც არის მაგალითი ღვთისადმი ერთგულების, თავდადების, თავმდაბლობის, სიყვარულის, სიკეთისა და ვაჟკაცობის.

პატრიარქმა შეძლო და გააკეთა ის, რაც ვერ გააკეთა ვერავინ მთელ მსოფლიოში. იგი არის ღვთის რჩეული, ამიტომაც აძლევს უფალი ძალას, ამიტომაც ანდობს თავის ეკლესიას ნახევარი საუკუნე და ამიტომაც არის დაუმარცხებელი.

დღეს საქართველო მის ლოცვაზე დგას. თითოეული ჩვენთგანის და მთელი ერის სირცხვილია, უზნეო, სამარცხვინო ადამიანებს რომ მივეცით მისი შეურაცხყოფისა და ცილისწამების უფლება, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ეკლესიაში დაინფიცირების ვერც ერთი შემთხვევა ვერ აღმოაჩინეს “,- განაცხადა ერქვანიამ.

მან ყურადღება გაამახილვა მედიის მიერ ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაზე.

„დაბოღმილები ისევ აგრძელებენ ეკლესიის დისკრედიტაციას, საათობით ეთერებს უთმობენ ეკლესიისა და პატრიარქის მოძულეებს. სამარცხვინოა მათ მიერ ეკლესიის დაფინანსებასთან, მიწებისა და ტყეების გადაცემასთან მომზადებული სიუჟეტები. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ეკლესიას რაც გააჩნია, ყველაფერი საქართველოს და ქართველი ხალხის საკუთრებაა.

ამ განსაცდელმა ყველაფერი ცხადი გახადა. ამიტომ აუცილებელია, შედგეს იმ ადამიანების ერთობა, ვისთვისაც ძვირფასია მართლმადიდებლობა, ეკლესია, ოჯახი და ღირსება. სხვაგვარად ვერ შევძლებთ ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლას. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის“,- განაცხადა ერქვანიამ.