ალექსანდრე ელისაშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან იოსელიანი წარადგინა
ალეკო ელისაშვილმა „სამოქალაქო მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან იოსელიანი წარადგინა.
მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი იოსელიანს კვალიფიციურ და პრინციპულ ადამიანად ახასიათებს.
„ჩემი ერთ-ერთი მიზანი და ოცნება არის, რომ ქართულ პოლიტიკაში მოვიდნენ ახალი, წესიერი, კვალიფიციური და პრინციპული ადამიანები. ზუსტად ასეთი ადამიანია ლევან იოსელიანი, რომელიც ოქროყანელებს, სოლოლაკელებს, ვერელებსა და მთაწმინდელებს დღეს წარვუდგინეთ. სუფთა ჰაერი როგორც სჭირდებათ ადამიანებს, ასევე სუფთა ჰაერივით სჭირდება ქართულ პოლიტიკას ლევან იოსელიანისნაირი ადამიანები. ის არის პროფესიონალი ადვოკატი, ჩემი მეგობარია, თანამოაზრე, თანამებრძოლი და ამდენ ხანს საჯაროდ არ მეხმარებოდა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩაერთვება პოლიტიკაში და ერთად ვიბრძოლებთ პოლიტიკის გაჯანსაღებისთვის და ქვეყნის წინსვლისთვის. გვინდა, პარლამენტში მოხვდეს და მთავარი ხალხის პრობლემებზე ილაპარაკოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მთაწმინდის ოლქს ძალიან ბევრი პრობლემები აქვს და მათ მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს.
„პარლამენტში ხალხის პრობლემები უნდა ისმოდეს. პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა ლაპარაკობდნენ იმ თემებზე, რაც გვაწუხებს. კინკლაობის ნაცვლად, უნდა საუბრობდნენ ისეთ თემებზე, როგორიც არის „ლადოს ბაღი“, სადაც ახლა ვიმყოფებით, თუ როგორ დაუბრუნონ ქალაქს, ასევე მთაწმინდაზე, სოლოლაკსა და ვერაზე. თავზე ენგრევა ადამიანებს. როგორ მოუგვარებენ ამ პრობლემებს. მინდა, ეს პრობლემები მივიტანო პარლამენტში და ის კომფორტის ზონა დავურღვიო. მათ ეს პრობლემები არ ახსოვთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.