ალექსანდრე ძნელაძე - საბანკო რეგულაციების ცვლილება მდგომარეობას რადიკალურად არ შეცვლის
ალექსანდრე ძნელაძე - საბანკო რეგულაციების ცვლილება მდგომარეობას რადიკალურად არ შეცვლის

საბანკო რეგულაციებში დაგეგმილი ცვლილებები სესხის გაცემის პროცედურას შეამსუბუქებს, თუმცა მდგომარეობას რადიკალურად არ შეცვლის, – ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

როგორც ძნელაძემ აღნიშნა, მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

მისი თქმით, სესხის გაცემის ძირითადი პრინციპი იგივე დარჩება და კვლავ შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.

„საბოლოო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით მე არ მაქვს. ვიცი, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. ცალსახად უნდა აღინიშნოს, ეს ცვლილება არ ეხება ფუნდამენტურ პრინციპს, რომ სესხის გაცემის პრინციპი იქნება შემოსავალზე ორიენტირებული, ანუ შემოსავლის დაანგარიშებაზე და შემოსავლის შეფარდებაზე ყოველთვიურ გადასახადთან. ცალსახად ისევ ისეთი ხისტი ჩარჩოები იქნება, რაც ეხება უზრუნველყოფის კოეფიციენტს, სესხების ვადიანობას და ა.შ. ხდება ტექნიკური ცვლილებები უშუალოდ სესხებთან მიმართებაში, რომელიც, რა თქმა უნდა, უფრო შეამსუბუქებს სესხის გაცემის პროცედურას, მაგრამ ეს არ არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას. თუ აქამდე სესხს პირობითად 100 ადამიანი იღებდა, აიღებს უფრო მეტი, მაგრამ რამდენით მეტი, ეს პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა ვნახოთ და შევაფასოთ მდგომარეობა“, – აცხადებს ძნელაძე.

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. შესაბამისი ცვლილებები სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტამდე განხორციელდება. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.