ალექსანდრე ძნელაძე - არ გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, ეს მოკლევადიანი პერიოდის ეფექტია
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს, მათ შორის თურქეთის ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას.
ამასთან, მისი თქმით, რყევები მოკლევადიანია.
როგორც ძნელაძემ განმარტა, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც მოკლევადიან პერიოდში მის ცვალებადობას გულისხმობს.
„დღეის მდგომარეობით, არ არის რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები არც შიდა ეკონომიკური, არც გარე, რომელსაც ასეთი მკვეთრი ეფექტი უნდა მოეხდინა ლარზე. არსებობს გარე ფაქტორები, რომელიც გარკვეულწილად, მოკლევადიან პერიოდში ზემოქმედებენ ლარზე, მაგალითისთვის, თურქეთში ლირის კურსი, რომელიც მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ამან შესაძლოა, მოახდინა გარკვეული მოკლევადიანი ეფექტი“, – განაცხადა ძნელაძემ.
ამასთან, ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დივიდენდების გაცემის პერიოდია, შესაბამისად გარკვეულწილად ხდება ზეწოლა და ადგილი აქვს კონვერტაციების სიმრავლეს.
„ლირის დევალვაცია არის მოკლევადიანი ეფექტი, ამან გარკვეული მოლოდინები შექმნა ბაზარზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მოკლევადიანი პერიოდის ეფექტი და არ გვაქვს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ ლარი გაუფასურებას გააგრძელებს“, – განუცხადა პირველ არხს ალექსანდრე ძნელაძემ.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 აშშ დოლარის ღირებულება დღეს 2.73-2.74 ლარის ფარგლებში მერყეობს. პუნქტებში ლარის გაუფასურების მიზეზად თურქეთში ლირის კურსის ვარდნასა და ბოლო დროს საქართველოში დოლარზე მაღალ მოთხოვნას უკავშირებენ.