ალექსანდრე დარახველიძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოწმეთა ჩვენებებით და იმ მტკიცებულებებით, რომელიც შეიძლება, შეიკრიბოს, დავადგინოთ ადამიანები, ვინც კირბალში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს
ალექსანდრე დარახველიძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოწმეთა ჩვენებებით და იმ მტკიცებულებებით, რომელიც შეიძლება, შეიკრიბოს, დავადგინოთ ადამიანები, ვინც კირბალში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს

ყველაფერს ვაკეთებთ, რათა როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომელიც შეიძლება, შეიკრიბოს, დავადგინოთ ადამიანები, ვინც კირბალში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ექსპერტიზები.

„ძალიან მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი და მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. თითოეული ქართველისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის არის ძალიან დიდი ტკივილი. ტრაგიკულ მოვლენა მოხდა; მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე და ერთი ადამიანი გაიტაცეს. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ერთი მოქალაქე, რომელიც იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში, მომხდარიყო მისი გადმოცემა და გათავისუფლება და ის დაუბრუნდა თავის ოჯახს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ წუთასვე დაიწყო გამოძიება და ჩვენ ვატარებთ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას, რათა დადგინდეს, ზუსტად რა მოხდა, ვისი ბრალეულობა იყო. ჩვენი მხრიდან გაკეთდა შესაბამისი განცხადება, თუ რომელი მუხლებით არის გამოძიება დაწყებული. ვატარებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის ექსპერტიზებს. ასევე, მოხდა გასაუბრება გუშინ გადმოცემულ პირთან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. მთავარია, აქ აღინიშნოს უსაფრთხოების სამსახურის როლი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა მუდმივ რეჟიმში ყოფილიყო მოლაპარაკებები და ჩვენი მოქალაქე უვნებლად დაბრუნებულიყო“, – განაცხადა დარახველიძემ.

ჟურნალისტებმა შს მინისტრის მოადგილეს კითხვა დაუსვეს მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე, სადაც, გავრცელებული ცნობით, სავარაუდოდ, დამნაშავე პირები არიან აღბეჭდილნი.

„გამოძიების დეტალებზე ჩემგან საუბარი არასერიოზული იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომელიც შეიძლება, ამ საქმეზე შეიკრიბოს, დავადგინოთ ის ადამიანები, ვინც ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები გატარდეს ამ ადამიანების პასუხისმგებლობისთვის. ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა როგორც კი იქნება საშუალება, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე მოგაწოდოთ ინფორმაცია, ბუნებრივია, სამინისტრო ამას გააკეთებს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შს მინისტრმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად ასევე აღნიშნა, რომ ვერ ისაუბრებს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის გამოკითხვის დეტალებზე.

„ბუნებრივია, მე გამოკითხვის დეტალებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა იმ ინფორმაციაზე, რისი საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე გაცნობაც შესაძლებელი იყო. სხვა, უფრო ღრმა დეტალებში შესვლა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, არ იქნება მართებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავატარეთ მასთან შესაბამისი გამოკითხვა, მოგვაწოდა ინფორმაცია და, ბუნებრივია, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.