ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ს როლი უვიზოდ მიმოსვლის საკითხში უმნიშვნელოვანესია, თითოეული მოქალაქის ვალია, მაქსიმალურად გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს
შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი ჩვენი ქვეყნის ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის საკითხში უმნიშვნელოვანესია, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და რეფორმა განხორციელდა, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს საზღვრის მართვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული არაერთი რეფორმა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და თავშესაფრის პოლიტიკის განახლება. შსს ასევე აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ კოლეგებთან ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით.
სამინისტროს მხრიდან განხორციელებულმა ღონისძიებებმა მოგვცა ის დადებითი შეფასება ევროპელი კოლეგების მხრიდან, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს მოქალაქეებს აძლევს იმ შესაძლებლობას, რომ ისარგებლონ იმ დიდი მონაპოვარით, რაც არის უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში. თითოეული მოქალაქის ვალია, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს და მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შეღავათი იმ მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც არის განსაზღვრული“,- განაცხადა დარახველიძემ.