შსს - ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებთ, რომ შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ვაკის პარკში დღეს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა დღეს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უფლებამოსილი დანაყოფის წარმომადგენლები და დაიწყო შესაბამისი მოქმედებები.
მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობენ როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტები.
ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოების შემსრულებელი შპს „გრინ სერვის პლუსის“ დირექტორის, დამფუძნებლებისა და სხვა თანამშრომლების გამოკითხვები, ასევე გამოიკითხებიან ის პირები, ვინც ექსპერტიზა ჩაუტარა დასრულებულ ობიექტს.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლების გამოკითხვა.
ასევე, გამოძიება დეტალურად შეისწავლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, საექსპერტო დასკვნებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს.
გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს შემთხვევის დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვნების, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო ექსპერტიზა, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებთ, რომ შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი.
გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა დარახველიძემ.
არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.