ალექსანდრე დარახველიძე - „პრაიდის“ ღონისძიების მონაწილეები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ არიან გაყვანილი, ვახორციელებთ ღონისძიებებს ვითარების სტაბილიზებისთვის
ალექსანდრე დარახველიძე - „პრაიდის“ ღონისძიების მონაწილეები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ არიან გაყვანილი, ვახორციელებთ ღონისძიებებს ვითარების სტაბილიზებისთვის

კონტრაქციის მონაწილეების დიდი რაოდენობა მოვიდა დღეს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან მობილიზებული იყო პოლიციელების მაქსიმალური რაოდენობა.

„მოგეხსენებათ, რომ დილიდან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ჰქონდათ უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინათ თავიანთი მანდატი, თუმცა კარგად ნახეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა კონტრაქციის მონაწილეების. გვქონდა შესაბამისი კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ვინაიდან ეს არის გაშლილი ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შეეღწიათ, გაერღვიათ პოლიციის კორდონები. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ „პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ. ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა მოხდეს ვითარების სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე.

დღეს მობილიზებული იყო პოლიციის მაქსმალური რაოდენობა, რაც შეიძლება, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის, თუმცა, მოგეხსენებათ, ყველა აქციაზე შეუძლებელია 100%-იანი უსაფრთხოება იქნას უზრუნვლეყოფილი და მთლიანად იყოს დაცული, განსაკუთრებით, როცა საუბარია გაშლილი ტერიტორიაზე. ჩვენ ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით. ხედავთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების დიდი რაოდენობა მოვიდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული“, – განაცხადა დარახველიძემ.