ალექსანდრე დარახველიძე - პატიმართა 99 პროცენტი სკანერით შემოწმებას ირჩევს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრები სამედიცინო პერსონალის და სოციალური მუშაკის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა პერსონალურად მოწმდება, – ამის შესახებ პირველ არხს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა.
მან პატიმრების მიერ დასახელებული შიმშილობის მიზეზები და ასევე, პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული შემოწმების მექანიზმები განმარტა.
მისი თქმით, ქალი მსჯავრდებულები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშს აპროტესტებენ, რომლითაც პენიტენციურ დაწესებულებაში შემოწმების მექანიზმების შესახებ ინფორმაცია არასწორად გახმოვანდა. საუბარია ანგარიშში მითითებულ საკითხზე, რომ შემოწმების მეთოდად პატიმართა გაშიშვლება ისევ გამოიყენება.
როგორც ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, დღეის მდგომარეობით, ქალთა დაწესებულებაში არსებობს სკანერის აპარატი და პატიმარს შესაძლებლობა აქვს ამ გზით შემოწმება აირჩიოს.
„ძირითად შემთხვევაში, სწორედ ამ ფორმით ხდება პატიმრების შემოწმება. ასევე არის დამატებითი მექანიზმი, რომელიც მოქმედებს დაწესებულებაში პატიმრის პირველად მიღების დროს. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა ექიმის მიერ სხეულის დათვალიერება, რათა დაზიანებები იქნეს აღმოჩენილი და აღრიცხული, მათი არსებობის შემთხვევაში. ბუნებრივია, სხეულის დათვალიერება საჭიროა, რადგან სკანერზე ვერ გამოჩნდება დაზიანება ან მაგალითად, ჩალურჯება აღენიშნება თუ არა პატიმარს. შესაბამისად, ციხეში პირველად მიღების დროს ეს არის არა მარტო დაწესებულების დებულების მოთხოვნა, არამედ არაერთი საერთაშორისო აქტის, მათ შორის „სტამბოლის პროტოკოლიც“ ითვალისწინებს აღნიშნულ ვალდებულებას. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მინისტრის ბრძანებით გაწერილი სპეციალური პროცედურები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, ექიმის ვალდებულებაა, დაათვალიეროს პატიმრის სხეული და თუ დაზიანებას აღმოაჩენს, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საგამოძიებო ორგანოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს დაზიანებაზე გამოძიება, რადგან დაზიანების კვალი სწრაფად ქრება და შემდეგ გამოძიების ჩატარება რთულია.
„ანგარიშში არასწორად იქნა მითითებული ამ გარემოების შესახებ, თითქოს, ეს არის რუტინული პროცესი, თითქოს უსაფრთხოების ნაწილი და ა.შ. სწორედ ამ არასწორმა გარემოებამ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გამოიწვია პროტესტი. ასევე იყო შემთხვევა, როცა ოჯახის წევრებშიც გამოიწვია დაბნეულობა ამან და სწორედ ამ არასწორი ფაქტის უარყოფას ითხოვენ მსჯავრდებულები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, მისი თქმით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში მითითებულია, რომ გაშიშვლებით დათვალიერება პატიმრის დაწესებულებიდან გასვლის დროსაც ხდება, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.
„ამ მეთოდით შემოწმება ხდება, როცა პატიმარი პირველად შემოდის ციხეში, ყველა სხვა შემთხვევაში, ეს იქნება სასამართლოზე, კლინიკაში გასვლა თუ დაწესებულების სხვა მიზეზით დატოვება, ყველა პატიმარს აქვს არჩევანი, შეუძლია სკანერით გაიაროს შემოწმება. თუ არ სურს სკანერი, ამ შემთხვევაში, არსებობს ნახევრად გაშიშვლების მექანიზმი და ამ მეთოდით მოწმდება“, – განაცხადა დარახველიძემ და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა 99 პროცენტი სკანერით შემოწმებას ირჩევს და ანგარიშში სტატისტიკაც არასწორად იყო მითითებული, თითქოს, ყველა შემთხვევაში გაშიშვლების მექანიზმია გამოყენებული.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ დროის მონაცემებით, 109 პატიმარი შიმშილობს. ქალი პატიმრები „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის ანგარიშს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, შემოწმების მიზნით, ქალთა დაწესებულებაში პატიმრების გაშიშვლების მეთოდი ისევ გამოიყენება.