ალექსანდრე დარახველიძე - მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მიმდინარე აუდიტის პროცესი დისკომფორტს უქმნის
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის, გოგა რაზმაძის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ მედიასთან ისაუბრა.
როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი, აბსურდი და არანაირ მტკიცებულებას და სამართლებრივ საფუძვლებს არ ეფუძნება.
„მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ადამიანის უფლებების დეპარტამენტი, ხუთი წელია, რაც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიც არის გაერო, ევროკავშირი და ა.შ., რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ რომ შეგვეფასებინა არსებული მდგომარეობა, რა მდგომარეობაა დეპარტამენტში, სად არის ძლიერი და სუსტი მხარეები, სწორედ ამიტომ ვთხოვეთ აუდიტის დეპარტამენტს, რომ შეესწავლა ფუნქციური დატვირთვა, ეფექტიანობა ამ დეპარტამენტის და ამის შემდეგ დაგვეგეგმა შემდგომი ნაბიჯები. ამის შესახებ მე პირადად დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს ვესაუბრე, მქონდა შეხვედრა. მათ შორის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები შეხვდნენ მენეჯმენტს და აუხსნეს როგორც მეთოდოლოგია, ასევე ის ძირითადი საკითხები, თუ როგორ ჩატარდებოდა აუდიტი. მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი დისკომფორტს უქმნის. ამიტომ ცოტა გაუგებარია ჩემთვის, ადამიანი თუ მუშაობ, თუ ყველაფერს კარგად აკეთებ, რა პრობლემაა, ეს ყველაფერი კვალიფიციურმა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომუშავე დეპარტამენტმა შეაფასოს და, პირიქით, გამოჩნდეს ვინ აკეთებს საქმეს, სად არის პრობლემა და სად არის გამოსავალი. სამწუხაროდ, მე ვერ ამოვიკითხე, რაში გამოიხატა ეს პრობლემები. დეპარტამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ყველა თანამშრომელი აგრძელებს იმ საქმიანობის მონიტორინგს, რაც მათ დებულებით ევალებათ. ყველა შეხვედრაში მონაწილეობს თითოეული თანამშრომელი, სადაც კი ამ დეპარტამენტის მანდატი არის და არანაირი კონკრეტული ფაქტი იმის შესახებ, რომ ვინმეზე რაიმე ზეწოლას ან შევიწროებას ჰქონდა ადგილი, გარდა გოგა რაზმაძის ზოგადი განცხადებებისა, ჩვენ არ მოგვისმენია. მე როგორც წავიკითხე მის პოსტში, მას მიუმართავს სახალხო დამცველისთვის და დაველოდოთ შესწავლის შედეგებს. ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროში არის ეთიკა და ეთიკის კოდექსი, რომელიც იმ საქმეებზე, რაზეც თითოეული ჩვენგანი ვმუშაობთ, წინასწარ გამოხატული პოზიციის დაფიქსირება არ არის ეთიკური საქციელი, ჩვენ არავისთვის მიგვითითებია რაიმე პოსტის აღება.
ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ იმ ეთიკის კოდექსის შესაბამისად იმოქმედონ, რაც არის პოლიციის შესაბამისი დანაყოფებისთვის დადგენილი. ბატონმა გოგა რაზმაძემ საკმაოდ დიდი, ექვსგვერდიანი მეილი მომწერა, სადაც ზეწოლა და კონკრეტული სამართალდარღვევა იკვეთება და, ბუნებრივია, ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია გენერალური ინსპექციისთვის და გენერალური ინსპექცია თუ მას სთხოვს მტკიცებულებებს და არგუმენტებს თავისი განცხადებების დასადასტურებლად, აქ მე რაიმე შეურაცხმყოფელს ან დამამცირებელს ვერ ვხედავ. როცა შენ გამოდიხარ საჯარო ბრალდებით და ადამიანს სწამებ ცილს, ამბობ, რომ ვიღაც გავიწროებს, დისკრიმინაციის ქვეშ გამყოფებს, კეთილი უნდა ინებო და შესაბამისი არგუმენტები და შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინო. მე ერთ კითხვას ვსვამ და პასუხი გასცეს საზოგადოებამ, როცა დეპარტამენტში მუშაობს 35 ადამიანი და აუდიტი მიზნად ისახავს, რომ შეფასდეს დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლის საქმიანობა და ეფექტიანობა და მხოლოდ ერთი ადამიანი ამ პროცესს აპროტესტებს, როდესაც აუდიტი საერთოდ არც დასრულებულა, მიმდინარე პროცესია, ამ შემთხვევაში დასკვნები თქვენ გამოიტანეთ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.