ალექსანდრე დარახველიძე - კანონპროექტი, რაც პარლამენტშია წარდგენილი, შესაბამისობაშია კონსტიტუციურ ნორმებთან, შესაძლოა, განხილვებისას რედაქციული ცვლილებები შევიდეს
ალექსანდრე დარახველიძე - კანონპროექტი, რაც პარლამენტშია წარდგენილი, შესაბამისობაშია კონსტიტუციურ ნორმებთან, შესაძლოა, განხილვებისას რედაქციული ცვლილებები შევიდეს

კანონმდებლობით და საქართველოს კონსტიტუციით დაცულია შეკრება/მანიფესტაცია იმ შემთხვევაში, თუ ეს მშვიდობიან ფარგლებში ტარდება და კანონით დადგენილ ფარგლებს არ სცდება. კანონმდებლობაში დღესაც გარკვეული ჩანაწერებია, რომლითაც ეზღუდებათ აქციის მონაწილეებს შეკრება/მანიფესტაციის დროს ისეთი ნივთების ქონა, რომელიც საფრთხის შემცველია სხვა პირის სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის, მაგალითად, ცივი იარაღის ქონა და ა.შ. – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

დარახველიძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლებელია, კანონპროექტში ცალკეული რედაქციული ცვლილებები განხორციელდეს.

„ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადება, რომ კარვების გამოყენება შესაძლებელია, ყოფილიყო არეულობის მოსაწყობად და ა.შ. აღნიშნულ კანონპროექტს თუ ჩავხედავთ, იქ არის ლეგიტიმური მიზნები გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება, პოლიციას მიეცეს უფლება, რომ შეზღუდის კარვის ქონა. აქ არ წერია ის, რომ მთლიანად იკრძალება კარვის ქონა. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც, მაგალითისთვის, საფრთხის შემცველია კარვის არსებობა ვინმეს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, ან პოლიციას ხელი ეშლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში, ან კარვების მეშვეობით ხდება მნიშვნელოვნად შეფერხება საწარმოს ან დაწესებულების ფუნქციონირების, ან საერთოდ არ არის დაკავშირებული კარვის არსებობა შეკრება/მანიფესტაციასთან, ამ შემთხვევაში პოლიციას ეძლევა უფლებამოსილება, რომ შეზღუდოს კარვით სარგებლობა. თუმცა ეს ყველაფერი წარდგენილი იქნება სასამართლოში და სასამართლო განიხილავს, პოლიციის გადაწყვეტილება ლეგიტიმური იყო თუ არა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს კანონპროექტი, რაც პარლამენტშია წარმოდგენილი, სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციურ ნორმებთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. აქ შეშფოთების საგანი არ უნდა იყოს. ასეთი ტენდენციაა, როცა რაიმე კანონპროექტი არ მოგწონს, ყველაფერს უნდა დავარქვათ რუსული და ეს იქნება ცუდი კანონპროექტი. ჩავიხედოთ, შიგნით რა წერია. აქ საუბარი არ არის, რომ ზოგადად კარვის არსებობა იკრძალება შეკრება/მანიფესტაციის დროს. პარლამენტში განხილვები იქნება და შესაძლებელია, ცალკეული რედაქციული ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა დარახველიძემ.