ალექსანდრე დარახველიძე - გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,7-ჯერ აღემატება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს, ეს ციფრები არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, საჭიროა ცვლილებები უსაფრთხოების მიმართულებით
ავტომობილების მიერ გამოწვეული ხმაურისა და საგზაო მოძრაობისას დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის სანქციები მკაცრდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მთავრობის ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომელიც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
კანონპროექტი პირველი მოსმენით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში კვლავ მოწინავე პოზიციას იკავებს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის დადებითი სტატისტიკა.
„გზებზე გარდაცვალების მაჩვენებელი 2,7-ჯერ აღემატება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს და 100 ათას მოსახლეზე საქართველოში იღუპება 12 პირი, როდესაც ევროპის საშუალო მაჩვენებელი 4,4 პირია. ბოლო წლებში, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინფრასტრუქტურული და აღსრულების კუთხით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 34,5% არის კლება წინა წლებთან შედარებით, გზებზე გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს იყო. შესაბამისად, ჩვენ ეს ციფრები არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და სახელმწიფოს მუდმივად სჭირდება გარკვეული ხასიათის ცვლილებები საგზაო უსაფრთხოების და სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
„წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. შესაბამისად იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, რაც 300 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად იქნება 600 ლარი.
სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.
დასჯადი იქნება ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ხოლო თუ ზემოაღნიშნულ ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.
წარმოდგენილი პროექტით, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. ამასთან, 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა წესდება სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ხოლო თუ მას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი პროექტით სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს. სამართალდარღვევებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს აარიდებს.
ასევე, პროექტით ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილიდან გამოიყოფა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება. აღნიშნული გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. ამასთან, დაკონკრეტდა, რომ ეს სამართალდარღვევა გულისხმობს შემთხვევის ადგილის მიტოვებას, როგორც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებით, ისე მის გარეშე“, – აღნიშნულია კანონპროექტში, რომელიც ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.