ალექსანდრე დარახველიძე - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბანკზე თავდამსხმელის დაკავების ღონისძიება ​მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს, ოპერაცია დასრულდა მშვიდობით
ალექსანდრე დარახველიძე - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბანკზე თავდამსხმელის დაკავების ღონისძიება ​მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს, ოპერაცია დასრულდა მშვიდობით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავების ღონისძიება ​მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს.

მისივე თქმით, ღონისძიების ფარგლებში, ბანკზე თავდამსხმელმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

ამასთან, დარახველიძის განცხადებით, გათავისუფლებული მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეძლეს, რომ ის ხელყუმბარა, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, არ მოეყვანა მოქმედებაში. შესაბამისად, ოპერაცია დასრულდა მშვიდობით. ყველა მძევალი არის ჯანმრთელად, არანაირი პრობლემა არ აქვთ“, – აღნიშნა დარახველიძემ.

კითხვას იმის შესახებ, „ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ დაკავებული თავდამსხმელი გრიგოლ ნარსია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელია“, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა:

„გავრცელდა სამინისტროს მხრიდან ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია. თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება, დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები, რომლებზეც დანიშნულია ექსპერტიზა. მოქმედი თანამშრომელი არ არის. ამის შესახებ გავრცელდება შემდგომში ინფორმაცია. ის დაკავებულია. მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და შესაბამისად, მის მიმართ მოხდება ბრალის წარდგენა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცოტა ხნის წინ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა პოლიციის მიერ ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირის დაკავების შესახებ.