ალექსანდრე დარახველიძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „პრომეთეუსის“ მეორე ფაზის გახსნით ღონისძიებას დაესწრო
ალექსანდრე დარახველიძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „პრომეთეუსის“ მეორე ფაზის გახსნით ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „პრომეთეუსის“ (II ფაზა) გახსნით ღონისძიებას დაესწრო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, საქართველოში ლატვიის ელჩი ედით მედნე, საქართველოში ესპანეთის სახელმწიფო რწმუნებული მარკოს გრანადოს გომესი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ევია კოტანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ალექსანდრე დარახველიძემ ღონისძიების მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის დელეგაციასა და პროექტ „Prometheus“-ის კონსორციუმის მონაწილე ქვეყნებს პროექტის მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გაწეული დახმარების მასშტაბი და მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე საზღვრისა და მიგრაციის მართვის, ასევე არალეგალური მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ალექსანდრე დარახველიძემ აგრეთვე ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები და ახალი ინიციატივები. სიტყვით გამოსვლის დასასრულს მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მიმართ და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

პროექტ Prometheus-ის მეორე ფაზა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის, ასევე ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით კი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სწავლებები, სამუშაო შეხვედრები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.