ალექსანდრე დარახველიძე - ე.წ. ჭკვიანი კამერები აღიქვამს რუსულ ნომრებს, თუმცა სირთულეს ქმნის ის, რომ ჯარიმა საცხოვრებელ მისამართზე უნდა გაიგზავნოს, საკითხის დასარეგულირებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ე.წ. ჭკვიანი კამერები ავტომობილებზე რუსული ნომრებს ვერ აფიქსირებს და არ ხდება დაჯარიმება.
მისი თქმით, გარკვეულ სირთულეს ქმნის ის, რომ როდესაც ვიდეოჯარიმით ხდება პირის დაჯარიმება, უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე.
დარახველიძის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საკითხის დარეგულირებისთვის.
„ე.წ. ჭკვიანი კამერების სისტემა აღიქვამს ამ ნომრებს და ხდება ფიქსირება და დაჯარიმება, თუმცა არის გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ვიდეოჯარიმით ხდება პირის დაჯარიმება, უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, ეს გარკვეულ სირთულეს ქმნის. რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს და ეფექტური აღსრულება მოხდეს. თუმცა ის, რომ „ჭკვიანი კამერები“ რუსულ ნომრებს ვერ აფიქსირებს ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, აფიქსირებს და ახდენს დაჯარიმებას. საუბარია აღსრულების მექანიზმების დახვეწაზე. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ“, – აცხადებს დარახველიძე.