ალექსანდრე დარახველიძე - დღეს ლარსის სასაზღვრო პუნქტთან აქციების ჩატარება დამატებითი გამოწვევაა პოლიციისთვის, თუმცა მივიღებთ ყველა ზომას, რათა დაცული იყოს შეკრების მონაწილეთა უფლებები
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა აქციების ჩატარება დამატებითი გამოწვევაა პოლიციისთვის.
მისივე თქმით, კანონით დადგენილ ზომებს მიმართავენ, რათა შეკრების ყველა მონაწილის უფლება იყოს დაცული.
„ნებისმიერ შეკრებაზე, მანიფესტაციაზე და სხვა ტიპის აქტივობებზე, საჭიროა დაიცვან კანონის მოთხოვნები, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებს. ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა საჭირო ზომას მიმართავს, რათა ყველა პირის უსაფრთხოება იყოს დაცული. რა თქმა უნდა, ასეთ დროს აქციების ჩატარება დამატებითი გამოწვევაა პოლიციისთვის, თუმცა ჩვენ კანონით დადგენილ ყველა ზომას მივიღებთ, რათა შეკრების ყველა მონაწილის უფლება იყოს დაცული“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.