სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ამის შესახებ თავად ვუჩიჩმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინთან 2,5 წლის განმავლობაში ეს პირველი სატელეფონო საუბარი იყო.
ვუჩიჩის თქმით, პუტინთან საუბრისას მან იმედი გამოთქვა, რომ სერბეთი მომავალშიც არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მან ასევე მადლობა გადაუხადა პუტინს გაერო-ში სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ვუჩიჩმა ცალკე აღნიშნა, რომ მადლობა გადაუხადა პუტინს მომავალ ზამთარში რუსეთიდან გაზის მიწოდებისთვის.
ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი შედგა მეორე მსოფლიო ომის დროს წითელი არმიისა და იუგოსლავიის დანაყოფების მიერ ბელგრადის გათავისუფლების 80 წლისთავის აღსანიშნავად.
ვუჩიჩის შეფასებით, პუტინთან საუბარი იყო „კარგი, ღია, ხანგრძლივი და შინაარსიანი“. სერბეთის პრეზიდენტმა არ ახსენა, განიხილეს თუ არა ლიდერებმა ომი უკრაინაში.
პრეზიდენტების საუბრის ფაქტი კრემლმა დაადასტურა.
„ორივე მხარემ გამოხატა კმაყოფილება ორმხრივი ურთიერთობების არსებული დონით, რომელიც ეფუძნება სულიერ, კულტურულ და ისტორიულ ერთობას, წარსულისა და თანამედროვეობის შეფასებათა ერთიანობას“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ „საუბრისას განხილული იყო უკრაინის გარშემო არსებული ვითარება“.
ცნობისთვის, სერბეთმა ოფიციალურად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თუმცა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ევროკავშირმა მიუთითა, რომ როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატმა, სერბეთმა უნდა მისდიოს საერთო პოლიტიკურ ხაზს, თუმცა ამ დროისთვის ბრიუსელს არ მიუღია რაიმე ზომები, რათა აიძულონ ბელგრადი, შეუერთდეს სანქციებს.
შეგახსენებთ, დასავლელი ლიდერები, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გარდა, 2022 წლიდან პრაქტიკულად არ ურთიერთობენ ვლადიმერ პუტინთან. ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ შეიძლება, დაურეკოს რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის განსახილველად, თუმცა ასეთი საუბრის მომზადების კონკრეტული გეგმების შესახებ არაფერია ცნობილი.