ალექსანდრ ვუჩიჩი კოსოვოსთან დიალოგში პროგრესის მისაღწევად ჩრდილოეთ კოსოვოსა და მეტოხიაში თავისუფალი და დემოკრატიული ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ასახელებს
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი კოსოვოსთან დიალოგში პროგრესის მისაღწევად განსახორციელებელ ზომებს ასახელებს, რომელთა შორის ჩრდილოეთ კოსოვოსა და მეტოხიაში თავისუფალი და დემოკრატიული ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაა. ვუჩიჩის განცხადებით, არჩევნები ეუთოს მისიის მონაწილეობითა და ევროკავშირის კონტროლის ქვეშ უნდა ჩაატარდეს.
სერბეთის ლიდერმა პრესკონფერენციაზე კიდევ რამდენიმე ზომა ჩამოთვალა, რომლის შესრულებასაც ბელგრადი ითხოვს. კერძოდ, ვუჩიჩის მიერ დასახელებულ მოთხოვნებს შორის კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ძირითადად სერბებით არის დასახლებული, საპოლიციო ძალებისა და სასამართლო ინსტიტუტების ეთნიკური სერბებით დაკომპლექტება და კოსოვოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების ძალების გაყვანაა. სერბეთი ასევე ითხოვს სერბული მუნიციპალიტეტების ასოციაციის ჩამოყალიბებას, კოსოვოში დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და კოსოვოში მცხოვრები სერბების საბანკო გადარიცხვებისა და საფოსტო მომსახურებით უზრუნველყოფას.
ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ის ათობით მსოფლიო ლიდერთან გამართავს მოლაპარაკებებს და მათ აღნიშნულ მოთხოვნებს წარუდგენს, ასევე შესაბამის წერილებს გაუგზავნის აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს. ბოლო პერიოდში პრიშტინასა და ბელგრადს შორის ურთიერთობების გამწვავება გამოიწვია ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთში ე.წ. პარალელური ინსტიტუტების დახურვამ, რაც სერბეთმა უკანონოდ შეაფასა.
„პარალელური ინსტიტუტები“ კოსოვოში სერბეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული უწყებებია, რომლებიც კოსოვოს ოფიციალურ უწყებებთან ერთად, პარალელურად ფუნქციონირებენ, უმეტესწილად ეთნიკური სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში. კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 110-ზე მეტ ქვეყანას, რომელთა შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და დასავლური ქვეყნების უმრავლესობაა. კოსოვოს არ აღიარებს სერბეთის ტრადიციული მოკავშირე რუსეთი, ასევე ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა და საქართველო.