ალექსანდრ ვუჩიჩი კოსოვოს საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს
სერბეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
ვუჩიჩის თქმით, საქმე ეხება კოსოვოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ეთნიკური სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოს ნაწილში აიკრძალოს სერბული დინარის, ანუ სერბული ფულის ერთეულის გამოყენება.
„ამის მიზანი არის სერბი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა კოსოვოს და მეტოჰიას ტერიტორიებიდან ან, როგორც ეს გენოციდის შესახებ კონვენციაშია აღნიშნული, აუტანელ პირობებში სერბების მიზანმიმართული დამორჩილება“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს სერბების კოსოვოში დარჩენისთვის.
„მჯერა, რომ კურტის რეჟიმი მოქმედებს სერბების ნორმალური ცხოვრების წინააღმდეგ, რადგან მათი გამარჯვების ერთადერთი გზა, როგორც ფიქრობენ, არის ის, რომ სერბები აღარ იყვნენ კოსოვოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სერბები კოსოვოში დარჩნენ“, – განაცხადა ვუჩიჩმა.