ალექსანდრ ვუჩიჩი - ინფორმაცია, რომ სერბეთი წლის ბოლომდე კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს, ტყუილია
ინფორმაცია, რომ სერბეთი წლის ბოლომდე კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს, ტყუილია, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
ალექსანდრ ვუჩიჩი კოსოვოში, ეთნიკური სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ მიტროვიცაში იმყოფებოდა.
„კოსოვოსთან პრობლემის მოგვარების კანონპროექტიც კი არ არსებობს. გვირაბის ბოლოს სინათლე არ არის, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ 10 ან 20 წელში იქნება. ამ კონტექსტში ვინმემ ალბანელებს კომპრომისი უნდა გაუწიოს“ – აღნიშნა ალექსანდ ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ კოსოვოში მისი ვიზიტის მიზანი ეთნიკური სერბებისთვის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფაა.
ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთი ნატო-ს წევრი არ გახდება, თუმცა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მუშაობას გააგრძელებს.