ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ საზღვარზე შესვლა-გამოსვლის დოკუმენტების გაუქმება არ ნიშნავს, რომ სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ საზღვარზე შესვლა-გამოსვლის დოკუმენტების გაუქმება არ ნიშნავს, რომ სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს. ინფორმაციას გამოცემა „ეურაქტივი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, შაბათს ცნობილი გახდა, რომ სერბეთი კოსოვოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლისას დამატებითი დოკუმენტების შევსების აუცილებლობას მოუხსნის, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ კოსოვო უარს იტყვის პირველი სექტემბრიდან მსგავსი ზომების შემოღებაზე. „ეურაქტივის“ ცნობით, ბევრმა აღნიშნა, რომ ეს ნიშნავს კოსოვოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს დეფაქტო აღიარებას, რაც ბელგრადმა უარყო.
„დოკუმენტებზე შეთანხმების მიღწევა კარგია, მაგრამ ეს არის სიტყვიერი შეთანხმება“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.
სანომრე ნიშნების თემასთან დაკავშირებით, რომლის საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია, ვუჩიჩი გამოეხმაურა კოსოვოს პრემიერ-მინისტრის კურტის განცხადებას და მას საფრთხის შემცველი უწოდა. კოსოვოს პრემიერმა, ალბინ კურტიმ მანამდე განაცხადა, რომ სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას ოქტომბრის ბოლომდე ელოდება.
„ეს ნიშნავს, რომ მას სურს, გაგრძელდეს კონფლიქტები და პრობლემები. მათ აქვთ შეთანხმება გადაადგილების თავისუფლებაზე. მაგრამ აქ სიტუაცია განსხვავებულია და სიტუაცია უფრო რთულია KS ნომრებთან დაკავშირებით. ვშიშობ, რაღაც სხვა მოვლენები გველოდება და ვიღაცას ჩვენი ჩართვა სურს კონფლიქტებში, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიცია იმდენ ხანს, რამდენიც შეგვიძლია და თავიდან ავიცილოთ ეს, მაგრამ როდესაც აღარ შეგიძლია, კედელთან გიმწყვდევენ და წასასვლელი არსად გაქვს”, – განაცხადა ვუჩიჩმა.