ალექსანდრ უსიკმა და ტაისონ ფიურიმ საჩემპიონო ბრძოლაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT
ალექსანდრ უსიკმა და ტაისონ ფიურიმ საჩემპიონო ბრძოლაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონებმა – უკრაინელმა ალექსანდრ უსიკმა (20-0, 13 КО) და ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ (33-0-1, 24 KO) აცნობეს მსოფლიოს საკრივო ასოციაციას (WBA), რომ შეათანხმეს სატიტულო ბრძოლის პირობები, რომელმაც უნდა გამოავლინოს სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი.

ამის შესახებ განაცხადა WBA-ის პრეზიდენტმა, ჟილბერტო მენდოსამ.

„ფიური და უსიკი უახლოვდებიან კონტრაქტის გაფორმებას მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაზე. ის გაიმართება 29 აპრილს ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე. ორივე მხარემ აცნობა WBA-ს, რომ პირობები შეთანხმებულია“, – განაცხადა მენდოსამ ESPN-თან ინტერვიუში.

უსიკისა და ფიურის გუნდებს შორის მთავარი საკამათო საკითხი იყო ბრძოლის ჰონორარის განაწილება. საბოლოოდ, უკრაინელი მოკრივე დათანხმდა საპრიზო თანხის განაწილებას 70/30 პროცენტზე ბრიტანელის სასარგებლოდ. მაგრამ, ამასთან, უსიკმა პირობა წაუყენა პოტენციურ მეტოქეს – ფიურიმ უკრაინის დასახმარებლად სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოს.

„გაუმაძღარი მუცელი. ვიღებ მის წინადადებას ბრძოლაზე 29 აპრილს „უემბლიზე“. 70 პროცენტი 30-ის წინააღმდეგ. მაგრამ ის უნდა დამპირდეს, რომ ბრძოლის შემდეგ უკრაინას 1 მილიონ ფუნტს გადაურიცხავს. მოვილაპარაკეთ?“ – განაცხადა უსიკმა ვიდეოში, რომელიც Instagram-ში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმებამდე ფიურიმ განაცხადა, რომ უკრაინელი უნდა დათანხმდეს საერთო ჰონორარის 30 პროცენტს ან მოუწევს ჩხუბი დანიელ დუბუასთან.

უსიკი სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით არის ჩემპიონი, ფიური – WBC-ის ვერსიით.