ალექსანდრ სტუბი - დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად, ვიტყოდი, შესაძლებლობის ფანჯარა ინაუგურაციამდე არსებობს
ალექსანდრ სტუბი - დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად, ვიტყოდი, შესაძლებლობის ფანჯარა ინაუგურაციამდე არსებობს

დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად, ვიტყოდი, შესაძლებლობის ფანჯარა ინაუგურაციამდე არსებობს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, სტუბმა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ოთხი პირობა ჩამოთვალა: ტერიტორია, უსაფრთხოების გარანტიანები, სამართლიანობა და აღდგენა.

„მათ შორისაა ტერიტორია – და აქ, ჩვენ არ ვიცით, სად გადაწყდება ყველაფერი“, – აღნიშნა სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ ტრამპთან საუბარი ჰქონდა.

„ჩვენ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში უნდა გვესმოდეს, რომ დონალდ ტრამპი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად. ჩემი მხრიდან ვიტყოდი, რომ არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა ამ მოლაპარაკებებისთვის ინაუგურაციამდე“, – განაცხადა სტუბმა.

რაც შეეხება ტრამპის ურთიერთობებს ევროპასთან, ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამოწვევები შეიძლება იყოს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტარიფები ან კლიმატის ცვლილება.

„შეერთებულ შტატებს ევროპა სჭირდება, მაგრამ ევროპამ უნდა გაიგოს, რომ აშშ იცვლება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ, მაგალითად, უსაფრთხოების კონტექსტში“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.