ალექსანდრ სირსკი - ფრონტის ხაზზე ოპერატიული სიტუაცია უკიდურესად რთული და დაძაბულია, ოკუპანტები განაგრძობენ ძალისხმევის გაძლიერებას და პირად შემადგენლობაში რაოდენობრივი უპირატესობა აქვთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი ფრონტზე ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სირსკის ცნობით, თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან ერთად იმყოფებოდა ავდეევკისა და კუპიანსკის მიმართულებებზე, სადაც მეთაურების ანგარიშებს მოუსმინეს და ჯარების გასაძლიერებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
„მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში, რომლებსაც ავდეევკისა და კუპიანსკის მიმართულებებზე თავდაცვა უკავიათ. ოპერატიული სიტუაცია უკიდურესად რთული და დაძაბულია. რუსი ოკუპანტები განაგრძობენ ძალისხმევის გაძლიერებას და პირად შემადგენლობაში რაოდენობრივი უპირატესობა აქვთ. არ ითვალისწინებენ დანაკარგს და განაგრძობენ „ხორცის შტურმების“ ტაქტიკის გამოყენებას“, – წერს სირსკი ტელეგრამ-არხზე.
სირსკის თქმით, მათ უშუალოდ ადგილზე მოუსმინეს ბრიგადების, ტაქტიკური ჯგუფებისა და დაჯგუფებების მეთაურებს, რომლებიც უკიდურეს რთულ პირობებში თავდაცვით მოქმედებებს აწარმოებენ, ერთობლივად გაანალიზეს არსებული რესურსები და საჭიროებები.
„მუშაობის შედეგად, მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი სამხედრო ნაწილების საბრძოლო შესაძლებლობების გასაძლიერებლად და მტრის მოქმედებების პროგნოზირებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ დავუშვათ მტრის წინსვლა ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში და შევინარჩუნოთ დაკავებული პოზიციები“, – წერს სირსკი.
უკრაინის მთავარსარდლის თქმით, რთული სიტუაციის მიუხედავად, თავდაცვის ძალების მოქმედებების გამო მტერი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის.